(გურია ნიუსი) _ თბილისის საქალაქო სასამართლომ მედიასახლების და ჟურნალისტების საჩივარი წარმოებაში მიიღო _ მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო უჩივიან და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისს ბევრი ჟურნალისტი დაშავდა და უმრავლესობამ სხვადასხვა სახის დაზიანებებიც მიიღო, საჩივრის შეტანა მხოლოდ რამდენიმემ გადაწყვიტა.
კონსტანტინე სტალინსკი, თამაზ კუპრეიშვილი, ნატო გოგელია, შპს “ჩოხატაურის მაცნე”, შპს “გაზეთი ბათუმელები”, შპს “ახალი ამბები”, შპს “რადიო ცენტრი პლიუსი” (რადიოპალიტრა) _ ეს ის ჟურნალისტები და მედია სახლებია, რომლებმაც შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მოსარჩელეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ჯერჯერობით, სასამართლოს პირველი სხდომის თარიღი ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყება.