26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, გამთენიისას, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გვერდით მდებარე მარკეტის სახურავზე სამართალდამცველებმა ორი გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღუპულები სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე იყვნენ. ექსპერტიზის დასკვნით, ისინი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ. ეს ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. მეორე დღესვე, სტუდია გნს-მა გამოაქვეყნა ნიკა კვინტრაძის მეგობრის ინტერვიუ, სადაც რესპონდენტმა, ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც სამართალდამცავებს ხელფეხშეკრული ხალხი მიწაზე ჰყავთ დაყრილები, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო. გნს-მა ასევე გაავრცელა პროზექტურაში გადაღებული კადრები, სადაც გარდაცვლილს წამების კვალი ეტყობოდა.
ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და შსს-ს არავინ დაუსჯია. ძალოვნები დღემდე ამტკიცებენ, რომ კვინტრაძეც და ასათიანიც, მაღალი დენის სადენებთან შეხების გამო დაიღუპნენ. თუმცა, 6 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოაქვეყნა.
_ 26 მაისის შემდეგ, საია აქტიურად მუშაობს აქციის დაშლის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. უახლოეს მომავალში საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშის საგანი აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საია-მ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროულად აცნობოს მათ შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება მოსთხოვოს, _ აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა, იურისტების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებებით საპირისპირო დგინდება.
ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საია-მ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprintss/Forensics LTD-ს სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა.
ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით, საია-მ ექსპერტ კენეტ ლინჯს გაუგზავნა “რუსთავი 2”-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა და ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო. ასევე, გაიგზავნა ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები.
_ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, DABS Fingerprintss/Forensics LTD-მ გამოგვიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და “რუსთავი 2”-ის ეთერში გასული ვიდეოს ამსახველ ფოტომასალაში გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის, ექსპერტიზამ 7 მსგავსების ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე. ვიდეოჩანაწერის შემოწმების შედეგად, ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეომასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეომასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული. ცხადია, ეს გარემოება საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სათანადო გამოკვლევას საჭიროებს. თუმცა, ფოტოექსპერტიზის დასკვნა დასაბუთებულ ეჭვებს აჩენს შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მარკეტის სახურავზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ. იმ ვითარებაში, როდესაც ექპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციას ჰყავდა დაკავებული (ვიდეო და ფოტო მასალაში ჩანს, რომ მას ხელბორკილი ადევს) და ამ ტერიტორიაზე პოლიცია ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა მთელი ღამის (26 მაისი) და აღლუმის მიმდინარეობის განმავლობაში, სადავოა, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ ნიკა კვინტრაძე და 60 წლის სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მარკეტის სახურავზე, _ თქვა ჩუგოშვილმა.
საია-მ ასევე მოიპოვა მოწმის ახსნა-განმარტება (მის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხმაურდება), რომელიც 26 მაისს აქციის დაშლის დროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმალებოდა და 26 მაისს, დილით, ეს ტერიტორია სწორედ ამ მარკეტის სახურავიდან დატოვა. თავის ახსნა-განმარტებაში მოწმე აღნიშნავს, რომ ამ ადგილას მას არავის გვამი არ უნახავს.
_ ამდენად, ფოტოექსპერტიზის დასკვნა აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ იყო დაკავებული აქციის ტერიტორიაზე და ის პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. იმ ვითარებაში კი, როდესაც აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული იყო აშკარად გადამეტებული ძალა, რომელსაც შედეგად მოჰყვა აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები, ისევე, როგორც უკვე სამმართველოებში დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ, ჩნდება დასაბუთებული ეჭვები, რომ ნიკა კვინტრაძის გარდაცვალება პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ნიკა კვინტრაძის დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება. ასეთ შემთხვევაში, ასევე სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფა, _ აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ამ განცხადებას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით გადაღებულ ფოტოზე დაფიქსირებული დაკავებული პირი ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ჩატარებულია ექსპერტიზა და დადასტურებულია, რომ ნიკა კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი, მას სხეულზე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
_ როდესაც იყო ასეთი ეჭვი, დავიწყეთ გამოძიება და პირი, რომელიც ფოტოზე დაკავებულია გამოსახული, ვიპოვეთ. აღმოჩნდა, რომ ის ჯანმრთელი, ცოცხალია და, შესაბამისად, გამოძიება დამთავრდა. საუბარია იმ ფოტოზე, რომელშიც მეგობარმა კვინტრაძე ამოიცნო. აქციასთან დაკავშირებით, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აქციის სხვადასხვა კადრებში ეს მეგობარიც ჩანს, რომელიც კვინტრაძის გვერდზე ზის. კვინტრაძეს აცვია ცისფერი მაისური, ეს მეგობარი კი ამტკიცებდა, რომ ამ დღეს კვინტრაძეს სხვა ფერის ჟაკეტი ეცვა, _ განაცხადა უტიაშვილმა.
შსს-ს მაღალჩინოსნის ამ კომენტარს, “გურია ნიუსთან” საუბრისას თამარ ჩუგოშვილი სანდოდ არ მიიჩნევს:
_ როგორც უტიაშვილის განცხადებიდან მივხვდი, მათ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არა აქვთ გაკეთებული. ამის გარდა, მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელთ არსებული დასკვნა ბევრად უფრო ზუსტია და უფრო სანდოდ გამოიყურება, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეპირი განცხადება, ვის უფრო მეტად ამსგავსებენ ფოტოზე გამოხატულ პირს. თან, ჩვენ ვფიქრობთ. რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულები ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ვისზეც შსს საუბრობს, იმ პირის სურათიც გავაგზავნოთ ექსპერტიზაზე, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემდა შესაძლებლობას, უფრო მეტად დავრწმუნებულიყავით იმ დასკვნის სისწორეში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ ეს შევუკვეთეთ ძალიან მაღალი ექსპერტიზის ბიუროს, ძალიან მაღალი დონის ექსპერტს და მის სისწორეში ეჭვი არ გვეპარება. შინაგან საქმეთაA სამინისტროს განცხადების მიმართ მაღალი ნდობა მაქვს,-მეთქი რომ გითხრათ, ტყუილს გეტყვით. სერიოზულ ეჭვებს იწვევს ის ოფიციალური ვერსია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იმის ნაცვლად, დაინტერესდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მე ბოლომდე არ მქონდა იმედი გადაწურული, რომ დაინტერესდებოდნენ, პირდაპირ, აპრიორი ეძებენ საშუალებას როგორ უარყონ. არც კი ნახულობენ, რეალურად რამდენად სერიოზული მტკიცებულება შეიძლებოდა ჩაგვარდნოდა ხელში, რამდენად შეიძლებოდა ეს დახმარებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მიზანს არ ემსახურებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ დაინტერესებულან, ისე დაიწყეს ამ ყველაფრის უგულებელყოფა.
_ ქალბატონო თამარ, თქვენი შემდგომი მოქმედება რა იქნება? ვიცით, რომ აპირებთ ეს მტკიცებულებები პროკურატურას გადასცეთ.
_ ჩვენ ვეცდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებული პიროვნების სურათიც გადავუგზავნოთ ექსპერტიზას, ჭეშმარიტების დაზუსტების მიზნით.
_ რამდენად მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოთ?
_ სტრასბურგის სასამართლოს თუ გულისხმობთ, ჩვენ ამას ოჯახის გადაწყვეტილების გარეშე ვერ ვიზამთ. ეს არის ოჯახის გადასაწყვეტი და თუ გადაწყვეტენ, აქვთ ყველანაირი საფუძველი იმისთვის რომ მიმართონ. ჩვენ მათ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ამ პროცესში, _ დასძინა ჩუგოშვილმა.