შაბათს, დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარი იქნებოდა, როცა ქალაქი ლანჩხუთი სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების გაბმულმა სირენებმა მოიცვა _ ისინი დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ. მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში უკვე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. როგორც გვითხრეს, 03-ის ყველა ბრიგადა ლესის მიმართულებით გაემართა, სადაც მძიმე ავტოავარია მოხდა, ხოლო საავადმყოფოში მედპერსონალის მობილიზება განხორციელდა.
“გურია ნიუსი” შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. ადგილზე უკვე მობილიზებული იყო საპატრულო სამსახური, მალევე ოზურგეთიდან სამაშველო სამსახურიც ჩამოვიდა. ვითარების სირთულიდან გამომდინარე, ზონაში მომუშავე ყველა საპატრულო ეკიპაჟი ლანჩხუთი-გრიგოლეთის მაგისტრალის ჯურუყვეთის მონაკვეთზე, ავარიის ადგილზე მოვიდა. მათ დახმარებას ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შემადგენლობაც უწევდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. ჩვენ არ შეგვინიშნავს, თუმცა, როგორც გვითხრეს, ავარიის ადგილზე გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილიც იმყოფებოდა.
რაც შეეხება ავარიას, ადგილზე მეტად მძიმე სურათი დაგვხვდა: მაგისტრალიდან მარჯვენა მხარეს, გზისპირზე, ჩავარდნილი იყო ავტობუსი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, თურქულ კომპანიას ეკუთვნის და სომეხი ეროვნების მგზავრები გადაჰყავდა. ავტობუსს მარცხენა უკანა მხარე არც თუ ძლიერად დაზიანებული აქვს. მარჯვენა დაბალ მხარეს მიღებული დაზიანება ავტობუსმა, სავარაუდოდ, გზისპირა კვალში ჩავრდნისას მიიღო. მის წინ, დაახლოებით 10 მეტრში დგას მსუბუქი ტიპის ყველგანმავალი (უცხოური ნომრებით), რომელსაც წინა ნაწილი მთლიანად დაზიანებული და შეჭყლეტილი აქვს, ასევე დამტვრეულია წინა საქარე მინა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდგომი ლურჯი ფერის მიკროავტობუსია, სახელმწიფო ნომრით სის 209. ავტომობილი წინა ნაწილით გზისპირა არხშია ჩავარდნილი, მას დამტვრეული აქვს ყველა მინა და აშკარაა, რომ მსხვერპლი სწორედ ამ ავტომობილის მგზავრები არიან. მიკროავტობუსიდან ოციოდ მეტრში, გადაბრუნებულია მისაბმელი.
რა გახდა ავარიის მიზეზი? ამის შესახებ ინფორმაციას ვერც იქ მცხოვრები ადამიანები ფლობენ. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი იქ ყოფნის დროს, ვერავინ მიაწოდა სამართალდამცველებს რაიმე სახის ინფორმაცია. “ტელევიზორს ვუყურებდით, როცა ხმა გავიგონეთ. მივხვდით, ავარია იყო, გარეთ გამოვცვივდით და ასეთი უბედურებას შევესწარით. სიბნელის გამო ბევრის გარჩევა შეუძლებელი იყო. ამიტომ სასწრაფო გამოვიძახეთ,” _ გვითხრა იქვე მცხოვრებმა ერთ-ერთმა პიროვნებამ.
შემთხვევის ადგილზე არავინ ფლობდა დაზუსტებულ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, თუმცა ის კი გვითხრეს, რომ გარდაცვლილები გზაზე ეყარნენ და მათი რიცხვი მინიმუმ 7 გახლდათ. იქვე მიღებული, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, 4 ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა. “არავინ იცის, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებიც საავადმყოფოში მიჰყავთ. ვინც თავიდან გადაიყვანეს, თითქმის ყველა გათიშული იყო. მსხვერპლი, ალბათ, გაიზრდება. აქ იყო ერთი მამაკაცი, თავად ადგა, გაიარა, მაგრამ აშკარად ცუდად გამოიყურებოდა. ახლა ექიმებმა თქვეს, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა” _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
“გურია ნიუსთან” ოფიციალური კომენტარი არც ერთ სამსახურს არ გაუკეთებია, თუმცა, მოვისმინეთ, როგორ გადასცემდნენ ციფრებს _ ჯერ 7 დასახელდა, შემდეგ 11, რაც, სავარაუდოდ, ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რაოდენობაა.
ჩვენ გავესაუბრეთ სომეხ მგზავრებს. მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანება. არ დაშავებულა მძღოლიც კი. ისინი იქვე მდებარე ოჯახმა შეიფარა. მოგვიანებით, როცა ყველა მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსუბუქად დაშავებული სომეხი მგზავრები ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. “არაფერი დაგვინახავს, უბრალოდ, ავარია რომ მოხდა, სავარძლიდან გადმოვვარდით. საბედნიეროდ, ჩვენთან არავინ დაშავებულა. მადლობა აქაურებს, რომ მასპინძლობა და ყურადღება გამოიჩინეს,” _ გვითხრა ერთ-ერთმა უცხოელმა მგზავრმა.
როგორც გვითხრეს, დაშავებულები არიან “ფორდის” მარკის ავტომობილში. მას თურქეთის მოქალაქე იუნიუს კუტარი მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და 14 და 6 წლის შვილები იმყოფებოდნენ. იუნიუს კუტარი გორიდან თურქეთის ქალაქ ჩანაკალში მიდიოდა. ავტოვარიისას დაშავებული თურქების ოჯახი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, 14 წლის ბუსრიკ კუტარის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შედარებით მძიმეა.
რაც შეეხება მიკროავტობუსს, ადგილზე გავრცელებული, მაგრამ ოფიციალურად დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილი ოზურგეთელ პიროვნებას ეკუთვნის და მას ლილოდან მგზავრები ბათუმის მიმართულებით მიჰყავდა. მსხვერპლიც სწორედ მიკროვატობუსის მგზავრებს შორის არიან. ძნელი სათქმელია, გადარჩა თუ არა ვინმე მიკროავტობუსიდან.
რაც შეეხება ავარისი მიზეზს, სიტუაცია იმდენად მძიმე და რთულია, რომ საპატრულო ჯგუფი და კრიმინალისტებიც კი საგონებელში ჩავარდნენ. ერთადერთი სავარაუდო ვერსია, რომელიც არსებული სიტუაციის შეფასებითა და გამოცდილი მძღოლების განმარტებებით, ყველაზე რეალურად ჩანს, ასეთია: ავტობუსი მოძრაობდა ბათუმის მიმართულებით, მის უკან მოდიოდა მიკროავტობუსი, რომელმაც გადასწრება სცადა. სავარაუდოდ, ამ დროს მის წინ შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდა, ამას კი ტრაგედია მოჰყვა _ სავარაუდოდ, ავტობუსი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელიც შუაში გაგლიჯა _ მისაბმელიდან 20-იოდ მეტრში გადავარდა თავად მიკროავტობუსი. ამ დროს შემხვედრ “ფორდს” მისგან აცილება სურდა, გადავიდა საპირისპირო მხარეს, სადაც იგივე ავტობუსს შეეჯახა, თუმცა, ამ დროს ავტობუსს, ასევე სავარაუდოდ, დაკარგული ჰქონდა სიჩქარე და შეჯახება მსუბუქი ავტომობილისთვის შედარებით იოლი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელში მგზავრების გადარჩენას ავტობუსის გზისპირა კვალში ჩავარდნამაც შეუწყო ხელი, რამაც ასევე დააკარგვინა ავტობუსს სიჩქარე.
ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსი პირიქით _ თბილისისკენ მოძრაობდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ამოუხსნელი რჩება, როგორ შეიძლებოდა უფრო წინ გადავარდნილიყო მისაბმელი.
00.30 საათზე ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა შემთხვევის ადგილიდან ბოლო დაშავებული გადაიყვანა. ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრი ამ ღამეს საგანგებო რეჟიმში გაატარებს. საავადმყოფოდან 2 პაციენტი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში რეანომობილებით გადაიყვანეს. ადგილზე ისევ ელოდებიან კატასტროფის ცენტრის ბრიგადების მოსვლას. ამ დრომდე მოძრაობა მაგისტრალზე შემოვლითი გზით ხორციელდება, თუმცა, რამდენიმე წუთში გზის მთლიანად გახსნას ვარაუდობენ.