(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 15 სექტემბერს, ლანჩხუთის 25 სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული იმით იყო, რომ პირველკლასელებს “ნეთბუკები” გადაეცათ. საჩუქარი 300-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთა შორის ვერ მოხვდნენ სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელები.
ჩვენ ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსს ნათია ურუშაძე ვესაუბრეთ:
_ რამდენი მოსწავლე გვყავს ლანჩხუთში და აქედან რამდენია პირველკლასელი?
_ სულ გვაქვს 25 სკოლა, 24 საჯარო და ერთი _ კერძო, მოსწავლეების რაოდენობა 4 500-მდეა. გვყავს 320 პირველკლასელი.
_ ყველა მათგანმა დღესვე მიიღო “ნეთბუკი”?
_ სასულიერო გიმნაზიის, რომელიც კერძო სკოლაა,მოსწავლეების გარდა, “ნეთბუკები” გადაეცა 24-ივე საჯარო სკოლის 297 პირველკლასელს. ის მათ 3 წლის ვადით მიიღეს.
_ მისი დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში, მოსწავლეს და მშობელს პასუხისმგებლობა ეკისრება?
_ არ უნდა დაამტვრიონ და უნდა მოუარონ! სხვა მხრივ, ყველა სკოლაში გვყავს აითი-მენეჯერები და ისინი მოახდენენ პროგრამულ უზრუნველყოფას. “ნეთბუკები” ასევე პირველკლასელთა მასწავლებლებსაც გადაეცათ. ყველგან გაკეთდება სპეციალური საჰაერო ქსელი, რომლითაც მასწავლებლებს მოსწავლეებთან კონტაქტის, მათ შორის დავალებების მიცემის საშუალება მიეცემათ.
ჩვენ ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ სახელმწიფოს კერძო და საჯარო სკოლებს ერთმანეთისგან არ უნდა ასხვავებდეს. ამ შემთხვევაში, დაიჩაგრა სასულიერო გიმნაზია, რომელიც მოსწავლისთვის სწავლა-განათლების მიცემის კუთხით ყოველთვის მოწინავეთა შორისაა.