(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის ცენტრალური ქუჩის _ ნოდარ დუმბაძის ქუჩის შესაკეთებელი სამუშაოები გასული კვირის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს შპს “გზამშენი 18” ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მთავარი ქუჩა რამდენიმე თვეა, ისეა გადათხრილი, რომ ავტომანქანებს მოძრაობა უჭირთ.
სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ავარიული ქუჩის და ამის გამო უკმაყოფილო მოსახლეობის შესახებ “გურია ნიუსმა” ინფორმაცია რამაზ ნიკოლაიშვილს მიაწოდა. სწორედ მინისტრის დავალებით მოხდა სამუშაოების დაწყება.
შპს “გზამშენი 18”-ის ხელმძღვანელის, თემურ ჯახვას ინფორმაციით, სამუშაოები ორმულ შეკეთებას მოიცავს და ის ერთ თვეს გასტანს.
რაც შეეხება ქუჩის მთლიან მოასფალტებას, როგორც რამაზ ნიკოლაიშვილმა ჩვენს გაზეთს უთხრა, ამისთვის შესაბამისი თანხები უკვე მობილიზებულია და ასფალტის დაგება ორმული შეკეთების შემდეგ დაიწყება.