ააიპ “კომუნალური მომსახურების ცენტრის” ხელმძღვანელის თემურ ქინქლაძის სადეპუტატო უფლებამოსილებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობს _ ქინქლაძე საკრებულოში ოზურგეთის ამჟამინდელ გამგებელს ილია ვაშაყმაძეს ჩაანაცვლებს.
ქინქლაძის შემცვლელად უკვე სახელდება რამდენიმე კანდიდატურა _ ამავე სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი, შემოქმედელი კაკო ჭანუყვაძე, რომელიც გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის კადრია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ “სოფლის განვითარების ცენტრის” თანამშრომელი, გუბერნატორის მოადგილის ლელა თავართქილაძის სიძე ზაზა მიქატაძე, თუმცა, არც ერთი მათგანი “გურია ნიუსთან” საუბარში ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:
_ ჯერ არაფერი არ ვიცი. თავად თემური ოფიციალურად არ არის გათავისუფლებული, მისი გადაყვანა საკრებულოს სხდომაზე მოხდება. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, _ “გურია ნისუთან” საუბარში ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა კაკო ჭანუყვაძემ.
ინფორმაციას არ ადასტურებს არც ზაზა მიქატაძე: _ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, _ გვითხრა მან.
_ არც შემოთავაზებები გქონიათ?
_ არა.
_ არც განიხილება თქვენი კანდიდატურა?
_ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, _ გვითხრა მიქატაძემ.