რუსეთის რა მიზანს ემსახურება საქართველოში არსებული კონფლიქტების “კვიპროსიზაცია”
(ა/ო “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი”)
რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან “ცუდად მოქცევის” შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას აფხაზეთის კონფლიქტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “კვიპროსიზაციას” დაჰპირდა.
2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” “დამოუკიდებლობის” აღიარება მოჰყვა, საქართველოში არსებული კონფლიქტების “კვიპროსიზაციის” საკითხმა, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა.
კვიპროსის კონფლიქტი რომ უკვე 35 წელიწადია რაც გადაუჭრელია ყველასათვის ცნობილია. პუტინის “დანაპირების” ფონზე შეიძლება ნამდვილად საფუძვლიანად გვეჩვენოს არა ერთი არამედ ორი კითხვა – გულისხმობდა თუ არა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მხოლოდ აფხაზეთს, თუ აფხაზეთს და ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” ერთად, როდესაც “კვიპროსიზაციაზე” საუბრობდა და რამდენი ხნით აპირებდა ის საქართველოს კონფლიქტური რეგიონების “კვიპროსიზაციას”.
ეს მეორე კითხვა შემთხვევითი არაა რადგან კვიპროსთან საქართველოში არსებული კონფლიქტების გაიგივების დროსაც კი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რაც სურს იმ საერთოს ხედავს და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს.
კვიპროსის კონფლიქტში რუსეთის პრემიერს ეტყობა მხოლოდ ამ კონფლიქტის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში “გადაუჭრელობა” იზიდავს და ნაკლებად აინტერესებს არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებები.
რუსეთს, აფხაზეთის და ე.წ.”სამხრეთ ოსეთის” ოკუპაციის შემდეგ, საერთოდ არაფერი განუცხადებია იმის შესახებ თუ რა ვადით რჩება ამ ტერიტორიებზე ან რა შემთხვევაში დატოვებს მათ. უფრო მეტიც, მან სასწრაფოდ გააფორმა ორმხრივი შეთანხმებები სეპარატისტულ მთავრობებთან “საზღვრების ერთობლივ დაცვასა” და “სამხედრო თანამშრომლობაზე” და გამალებული ტემპით დაიწყო ამ ტერიტორიებზე თავისი მრავალმილიონიანი (სამხედრო ბაზების მშენებლობა.
საერთოდ კვიპროსისა და საქათველოში არსებულ კონფლიქტებს შორის განსხვავებები ძალიან ბევრია და ყველაზე მთავარი ის არის, რომ კარდინალურად განსხვავებულია თვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები.
უფრო საინტერესოა თუ რა არის საერთო ამ კონფლიქტებს შორის ისეთი, რაც ვლადიმერ პუტინს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების საერთოდ ან უკიდურეს შემთხვევაში ხანგრძლივი დროით “გადაუჭრელობის” იმედს უსახავს?
აღნიშნულ თემაზე სიუჟეტში თქვენ ნახავთ: რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ექსპერტის დავით ტოგონიძის, ექსპერტ გიორგი ვოლსკისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანლის თენგიზ ფხალაძის კომენტარები.
განმარტება:
“ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.”