(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბებული “ალეგრობის” ტრადიცია ოზურგეთის სინამდვილეში ახალ იერს იძენს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ღონისძიება შუა შემოდგომაზე გაიმართება. როგორც საორგანიზაციო საკითხების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიგა ხარაბაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, ახალი “ალეგრობა” ტრადიციულ სახეს შეინარჩუნებს. სოფლების წარმომადგენლები უკვე ემზადებიან “ალეგრობაზე” საკუთარი ინტელექტუალური, ეკონომიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსავლენად.
ოზურგეთში სპეციალური მოედანი გაკეთდება, სადაც გამოიფინება შემოდგომის დოვლათი, წარმოადგენენ საკუთარ ნაკეთობებს, შეასრულებენ მხატვრულ ნომრებს. იქვე დაიდგმება შემოწირულობის ყუთი. თითოეული სოფლის ყულაბას მისივე მკვიდრნი სასიკეთო საქმისთვის მოიხმარენ.