ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ხრიკია, ნაწილს მიაჩნია, რომ ივანიშვილი საქართველოს ნამდვილად გადაარჩენს. ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში იმ საშიშროებაზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებას ივანიშვილის გააქტიურების შემთხვევაში ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს გურიის ხელისუფლებასთან დიდი ხნის ურთიერთობები აქვს. ბიზნესმენმა, შეკვეთილში, წლების წინ რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ივანიშვილისაა გურიის ტერიტორიაზე, შეკვეთილში აშენებული აკვაპარკი “ციცინათელა”, რომელიც სააკაშვილმა რამდენიმეჯერ აჭარის საკუთრებად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს პარკი, რომელიც ივანიშვილს რამდენიმე მილიონი დაუჯდა, ამ ხელისუფლებამ მას ჩამოართვა და შემდეგ 4 მილიონად მასვე თავიდან მიყიდა.
ივანიშვილს შეკვეთილში ფეშენებლური ვილა აქვს და ამ ეტაპზე დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობას ახორციელებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსაც აფინანსებდა და დასუფთავების თანხის ნახევარს იხდიდა (მანვე შეუძინა ოზურგეთს ნაგვის ურნები და მანქანები), გურიის ხელისუფლებას ბოლო დროს აღარ წყალობდა. წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს გარკვეული სახის ურთიერთობები ოზურგეთის ყოფილ გამგებელთან, გია ტაკიძესთან ჰქონდა.
როგორც ამბობენ, გურიის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი, ჩვენებურების “დიდი მადა” გახდა და ამიტომ იგი უკვე რამდენიმე თვეა, ოზურგეთის ბიუჯეტში თანხებს აღარ დებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ილია ვაშაყმაძე ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი გამგებლის ავთანდილ მექვაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა ოზურგეთს დიდი საქმე გაუკეთა:
_ ჩემი გამგებლობის დროს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი, “ატუ” აფინანსებდა მთლიანად დასუფთავებას. მან მუნიციპალიტეტს გადმოსცა ის ტექნიკა, რომელიც ჰქონდა “ატუს”. ამისი აქტები არსებობს. შემდეგ ნელ-ნელა ეს დაფინანსება, ჩემს დროს, უკვე გაანახევრა.
_ რატომ გაანახევრა?
_ თქვა, რომ თქვენ შეგიძინეთ ტექნიკა, გავხსენი სანაგვე მეურნეობა, შეგიწყვეთ ხელი და აწი ამ საქმეს თქვენ თვითონ უნდა მიხედოთო. სწორიც არის _ ივანიშვილმა გვითხრა, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ, ქალაქი და რაიონი სუფთა იყოსო.
_ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ უშუალო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან?
_ არა. “ატუს” წარმომადგენელი იყო, რომელმაც ეს ქონება მუნიციპალიტეტს გადმოსცა მთლიანად.
_ როგორც გავიგეთ, წლეულს დაფინანსება საერთოდ შეწყვიტა…
_ მე ასე ვიცი, რომ დასუფთავება მთლიანად ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
_ ამბობენ, რომ გურიის ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის, აქაურების “დიდი მადის” გამო, განხეთქილება მოხდა და სწორედ ამიტომ შეაჩერა ბიზნესმენმა დაფინანსება.
_ მე მაგის შესახებ არაფერი არ ვიცი. მე იმის შესახებ გითხარით, რასაც შევეხე ჩემი გამგებლობის დროს. მარტო დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა არ გადმოუცია _ განათებაც გადმოგვცა ჩოლოქიდან ურეკამდე. ის განათება მისი გაკეთებულია, თავად იხდიდა ელექტროენერგიის საფასურსაც. მერე გადმოგვცა, თქვა, რომ გვჩუქნიდა და შესაბამისად, თანხაც ჩვენ უნდა გადაგვეხადა. ასეთივე დამოკიდებულება იყო დასუფთავებასთან დაკავშირებით. რა დამოკიდებულება ჰქონდა გურიის ხელისუფლებას მასთან, მე არ ვიცი, _ გვითხრა მექვაბიშვილმა.
ბიზნესმენის ძმა, ადიკო ივანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს გურიაში აქტივები არ შეუჩერებია და ამ ეტაპზე საკონცერტო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს:
_ შეგიძლიათ, ნახოთ. ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში ევროპული დონის საკონცერტო დარბაზს აშენებს, _ გვითხრა ბიზნესმენის ძმამ.
ადიკო ივანიშვილი არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა ცნობილ ბიზნესმენსა და გურიის ხელისუფლებას შორის სერიოზული დაპირისპირება, რის შემდეგადაც ივანიშვილმა ოზურგეთის ბიუჯეტის დაფინანსება შეწყვიტა. იგი არც მისი ძმის მომავალი პოლიტიკური კარიერის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინას შესახებ საუბარი, მის მიერ გაკეთებული საქმეების მიხედვით, ინტერვიუების გარეშეც შეიძლება.