(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, შპს “გზამშენი-18”-ის ხელმძღვანელი, თემურ ჯახვა ავტოავარიაში გასული კვირის შაბათს მოყვა. როგორც გვითხრეს, ავტომობილს თავად ჯახვა მართავდა. უბედური შემთხვევა, ძიმითთან ახლოს, ნასაკირალის გადასასვლელზე მოხდა _ თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მოცურდა და ხევში გადაიჩეხა.
თემურ ჯახვა რამდენიმე დღის განმავლობაში ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ექიმების თქმით, ჯახვას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც ოზურგეთის საავადმყოფოში გვითხრეს, ორშაბათს, “გზამშენი 18”-ის ხელმძღვანელი დედაქალაქში გადაიყვანეს. ახლობლების თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.