გურია-აჭარის საზღვარზე, სოფელ ქაქუთში, მდინარე ჩოლოქზე ჯვარისხიდის მშენებლობა დასრულდა.
გაღმა-გამოღმა ქაქუთის მცხოვრებნი დიდი ხანია, ითხოვდნენ საფეხმავლო ხიდის აგებას.
21 ოქტომბერს, აქ “შემოქმედმშენის” მიერ დამზადებული კონსტრუქციები მიიტანეს და ორივე სოფლის მცხოვრებთა თანადგომით მდინარე ჩოლოქზე, ერთი კვირით ადრე ჩასხმულ ფუნდამენტზე დადეს.
ადგილზე ტექნიკა იყო მობილიზებული და 30-მდე კაცი ენთუზიაზმით მუშაობდა.
როგორც ჭანიეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ სურგულაძემ გვითხრა, 3 500 ლარი გამოყოფილი იყო სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან: _ გამოღმა ქაქუთი ჭანიეთის თემში შემავალი სოფელია. გაღმა ქაქუთის დასახმარებლად კი ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 4 000 ლარი გაიღო _ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც შპს “შემოქმედმშენმა” გაიმარჯვა, რის შემდეგაც ადგილზე მოხდა თანამედროვე კონსტრუქციების მქონე საფეხმავლო ხიდის გაკეთება.
ახლა მხოლოდ იატაკის ჩაგება და შეკვრაა საჭირო, რის შემდეგაც ხიდზე თავისუფლად მიმოსვლა დაიწყება. ხალხს სიხარულის ცრემლი ჰქონდა თვალზე. ისინი სხვანაირი განცდით აღიქვამენ საუკუნეების წინ, მტრის მიერ ერთი გურული სოფლის ორად გაყოფისა და იქ არსებული ბონდის ხიდის ჩაქცევის ისტორიას. აქაურებს სურთ, რომ თანამედროვე საფეხმავლო ხიდის აგება საზეიმოდ აღნიშნონ, იქვე ააგონ მართლმადიდებლური ჯვარიც, რის გამოც უკვე უწოდეს ამ ხიდს ჯვარისხიდი, _ ამბობს სურგულაძე.