შალვა ბოლქვაძე, უკვე რვა თვეა, გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსია. როგორც ამბობს, ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტ სამაშველო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ბოლქვაძის პერსონის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, რადგან ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა სახელდებოდა _ უწინასწარმეტყველებდნენ ოზურგეთის გამგებლობას, შემდეგ _ ჩოხატაურისას. თუმცა, ამის პარალელურად გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, არ არის გამორიცხული, ბოლქვაძე სამსახურიდან მალე გაათავისუფლონ.
თუმცა, ეს ფაქტი ამ დრომდე დაუდასტურებელია. თუ გავითვალისწინებთ ბოლქვაძის ყოფილ თანამდებობებს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი სამსახურიდან ისევ გაუშვან, რადგან ჩვენი წყაროს ცნობით, შალვა ბოლქვაძე ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების შესახებ საკმაოდ ბევრ და ამ უკანასკნელთათვის არც თუ სასიამოვნო ინფორმაციებს ფლობს.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, შალვა ბოლქვაძე ამ ინფორმაციებს უარყოფს და ამბობს, რომ ის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების გუნდის წევრია.
_ ბატონო შალვა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია მალე თანამდებობის დატოვება მოგიხდეთ.
_ მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არავის უთქვამს და არც შეესაბამება სიმართლეს. მე მგონი, ჯერჯერობით არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, რომ თანამდებობა დავტოვო და სახლში წავიდე.
_ მაშინ ისეთი რა გააკეთეთ კუდ-ში ან პოლიციის სამმართველოში მუშაობისას, რომ გაგათავისუფლეს?
_ ცუდი არაფერი. კუდ-ის რაიონული განყოფილების უფროსობის დროს გადამიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსად, ამის შემდეგ კი მოხდა ჩემი დაწინაურება და გადავედი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შემდეგ, რეორგანიზაციის შედეგად, გურიის ტერიტორიული დანაყოფი შეუერთდა აჭარის მთავარ სამმართველოს, გამოეყო დასავლეთ საქართველოს და ჩემი შტატი გაუქმდა.
_ თქვენ რამდენიმე ხნის განმავლობაში უმუშევარი იყავით. რა იყო ამის მიზეზი?
_ რამდენიმე თვე არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დავიწყებული ვყავდი, ვიღაცა ყურადღებას არ მაქცევდა და არ ფიქრობდა ჩემს დასაქმებაზე. შედეგი სახეზეა _ დღეს გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ვარ.
_ თუმცა, ეს ყველაზე პატარა თანამდებობაა მათ შორის, რომელიც ამ დრომდე გეკავათ…
_ კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ. როგორც ჩათვლიან კომპეტენტური ადამიანები, სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვიმუშავებ.
_ ხშირად საუბრობენ თქვენს დაპირისპირებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამბობენ, რომ შალვა ბოლქვაძე პირდაპირ თუ არა ირიბად, მაინც აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას…
_ ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ სხვადასხვა სფეროებში ყოველთვის კოორდინირებულად ვაკეთებდით ბევრ სასიკეთო საქმეს. მე ვარ ამ გუნდის წევრი და ასე იქნება ყოველთვის. მე ვარ ამ ხელისუფლების და ამ გუნდის წევრი, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლებაში ერთ-ერთი შემავალი რგოლი, რომელიც ყოველთვის მზად არის, ხელისუფლებას მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
_ არის თუ არა შალვა ბოლქვაძე ის კადრი, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ყველა თქვენი მნიშვნელოვანი პოსტი არჩევნებს უკავშირდება…
_ ეს უბრალო დამთხვევაა. ჩემს კარიერაში იყო აღმასვლა და დაღმასვლა. ეს ყველაფერი სხვაზეა დამოკიდებული. არასოდეს ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ჩემი ინიციატივით არ მომხდარა.
_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი კადრი ხართ?
_ მაგ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, არ ვიქნები კომპეტენტური. ეს ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ.
_ თქვენ ამბობთ, რომ არაფერი დაგიშავებიათ და რატომ უნდა გაგიშვან. გურიაში ხშირად ისჯებიან ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ შემთხვევებში ბრალი არ მიუძღვით. ბახმაროს სკანდალს მამუკა დოლიძე შეეწირა, არადა, კომისია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს ძებნილია, ანგარიშვალდებული საკრებულოს თავმჯდომარესთან იყო; თუნდაც გია ტაკიძე გავიხსენოთ _ მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახური საკრებულოს ექვემდებარებოდა, გამგებელი დაისაჯა… ფაქტები მოწმობს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანები გაწირა…
_ მე ვარ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი და არა სამართალდამცავი, მით უმეტეს ექსპერტი. ჯერჯერობით ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და ზემოთ აღნიშნულ ორთავე ფაქტზე დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
_ თქვენზე ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის საშიში ხართ, რადგან მუშაობდით ისეთ სტრუქტურაში, სადაც ისმენდით სატელეფონო საუბრებს, ნახულობდით ელექტრონულ ფოსტას, კითხულობდით სმს-ებს… ლოგიკურია, რომ ყველა საჯარო პირზე ბევრი ინფორმაცია გექნებათ. რატომ უნდა იყოს ვინმე დარწმუნებული, რომ თქვენ ახლაც არ გაქვთ კონკრეტული პირების მამხილებელი დოკუმენტები და შესაბამისად, არ ხართ საშიში?
_ ვერ ვხვდები, თქვენ რას ეძახით საშიშს. რაც შეეხება მოსმენებს, ჩემი მუშაობის პერიოდში მსგავსი ოპერატიულ ტექნიკური ღონისძიებები არ გამიხორციელებია, ხოლო საიდუმლო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გავრცელება ან რაიმე ფორმით გამოყენება, რომელიც ჩემი მუშაობის პერიოდში გამაჩნდა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ასე რომ, არასდროს ვაპირებ რაიმეს გახმაურებას.