მღრღნელები (ვირთაგვები, თაგვები, მემინდვრიები) რომ დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანების მიერ მოწეულ მოსავალს, ცხოველთა საკვებს, ბაღებსა და მინდვრის კულტურებს, ეს ყველასათვის ცნობილია. დადგენილია, რომ ერთი მინდვრის თაგვს დღე-ღამეში საშუალოდ შეუძლია შეჭამოს შემდეგი რაოდენობის მოსავალი: ხორბალი _ 5.4 გრ.; ბურღული _ 6,8 გრ.; ქერი _ 7 გრ.; სიმინდი _ 4.6 გრ.; მწვანე ფოთლები: კომბოსტო _ 21.2 გრ.; ხორბლის _ 21.4 გრ.
საკვების არსებობისას მღრღნელების რიცხვი სწრაფად იზრდება, რასაც ხელს უწყობს მათი სწრაფი სქესობრივი სიმწიფე. მაგალითად: მინდვრის თაგვის მაკეობის ხანგრძლივობა 18-20 დღეა, ერთ ბუდეში კი 8-10 წრუწუნაა. წლის განმავლობაში მღრღნელების გამრავლების ტემპი ერთნაირი არ არის და იცვლება გარემო პირობების შესაბამისად.
მათ გამრავლებას ხელს უწყობს თბილი შემოდგომა, ბუნებრივი მტრების (ცხოველები, ფრინველები) სიმცირე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მღრღნელების წინააღმდეგ ძლიერი მომწამვლელი ქიმიური პრეპარატების (მაგალითად, თუთიის ფოსფიდი) უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თაგვის ბუნებრივი მტრების დიდი რაოდენობით განადგურება.
გარდა ეკონომიური დანაკარგებისა, მღრღნელები სერიოზულ ეპიდემიოლოგიურ და ეპიზოოტოლოგიურ საშიშროებას ქმნიან ანუ მღრღნელ-მავნებლებთან წინააღმდეგ ბრძოლას (დერატიზაცია) დიდი მნიშვნელობა აქვს გადამდები დაავადებების პროფილაქტიკურ და აღმკვეთ ღონისძიებათა სისტემაში.
თაგვისნაირ მავნებლებთან ბრძოლისას გაწეული შრომა და ხარჯები ფუჭად რომ არ იქცეს, საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
მღრღნელები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცხოვრების წესით და საკვებთან დამოკიდებულებით. ამიტომ კონკრეტული ტერიტორიისთვის, იქ გავრცელებული მღრღნელების სახეობის მიხედვით და წლის მანძილზე გამრავლების ინტენსივობის გათვალისწინებით, უნდა შეირჩეს მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებები (როდენტიციდები) და მათი გამოყენების მეთოდები.
ბრძოლის ღონისძიებების შემდგომ, მღრღნელები გარკვეული დროის გავლისას კვლავ ბრუნდებიან ან გადმოდიან მომიჯნავე ტერიტორიებიდან, ამიტომ დერატიზაცია მაქსიმალურად მასშტაბური, დიდი ფართობის მომცველი უნდა იყოს.
სადერატიზაციო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მოკლე პერიოდში (არ უნდა გახანგრძლივდეს) და მუდმივად (მრავალჯერადად), რათა მღრღნელების გადარჩენილმა ინდივიდებმა ნაკლებად შეძლონ გამრავლება.
როდენტიციდები აუცილებლად უნდა ვცვალოთ. თაგვისნაირი მღრღნელები საკმაოდ ფრთხილი ცხოველებია და, რაც ყველაზე საყურადღებოა, მათ უვითარდებათ ე.წ. “სატყუარის შიში”. ამიტომ, ასევე უნდა ვცვალოთ მისატყუებელი მასალა და დავიცვათ როდენტიციდების გამოყენების ტექნოლოგიები (ფართობით ერთეულზე საჭირო რაოდენობა და განლაგების წესი, მათი შეცვლის სიხშირე და ა.შ.).
ბაღებსა თუ დახურულ სათავსოებში, საჭიროა დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; მოვერიდოთ ნაგავსა და მღრღნელების ყოფნისა და გამრავლებისთვის ხელსაყრელი სხვა მასალების თავმოყრას.
მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტური სწორედ ქიმიური საშუალებებია _ ძირითადად ანტიკოაგულანტები. ისინი ცხოველის ორგანიზმში ანტიკოაგულუნტურ მოქმედებას ავლენენ, ამცირებენ სისხლში პროთრომბინის შემცველობას და იწვევენ პერიფერიული სისხლძარღვების კედლების დაშლას.
პრაქტიკული სამუშაოებისთვის ვეტერინარი სპეციალისტები შემდეგ პრეპარატებს იყენებენ: ზოოკუმარინს, რატინდანს, ანტიკოაგულანტების ზეთოვან ნარევებს, ბაქტერიულ პრეპარატებს, აგრეთვე, თუთიის ფოსფიდს, მონოფტორის და ა.შ. ბოლო ორი, მწვავედ მოქმედ საწამლავებს წარმოადგენს და უფრო სახიფათოა შინაური ცხოველისა და მომსახურე პერსონალისთვის, ამიტომ ისინი ობიექტებზე გაცილებით სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა გამოვიყენოთ.
ეს პრეპარატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პრეპარატული ფორმით, გამოყენების მეთოდით და ეფექტურობით. მათი მოხმარებისას აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების დეტალური გაცნობა და დაცვა.
როდენტიციდების სამამულო ბაზარზე ყურადღებას იმსახურებს ახალი პრეპარატი _ შტორმი; მოქმედი ნივთიერება _ ფლოკუმაფენი; მწარმოებელია გერმანული კომპანია “ბასფი”.
შტორმი ანადგურებს იმ მღრღნელებსაც, რომელიც გამძლენი არიან სხვა ანტიკოაგულანტი პრეპარატების მიმართ. მისი უპირატესობებია: კარგად შეექცევიან მღრღნელები, მაღალ ეფექტურია სხვა მისატყუებელთან შედარებით; აბები მოთავსებულია ცვილის გარსში და არ სველდება ნალექებისაგან; უსაფრთხოა _ ცვილიანი აბები არ იფანტება და არ იშლება, გამორიცხულია სხვა ცხოველების მოწამვლა; ეკონომიურია _ გამოიყენება დაბალი დოზებით.
შტორმი გამოიყენება, როგორც დახურულ მარცვალ საცავეებში, სასაწყობო შენობებში, ასევე მინდვრის პირობებში, ბაღებსა და ბოსტნებში, დაცულ გრუნტში (სათბურებში) და კომუნალურ მეურნეობებში (საზოგადოებრივ ადგილებსა და საცხოვრებელ პირობებში). შტორმი აუცილებელია გამოვიყენოთ სხვა როდენტიციდებთან მონაცვლეობაში.
ტიფო მიქატაძე, “სასოფლო-სამეურნეო პროგრესის ცენტრი”