რამდენიმე დღის წინ, “გურია ნიუსმა” ოზურგეთელი ჟურნალისტის, ეთერ ქადეიშვილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორი ხელისუფლების წარმომადგენლებს გრიბოედოვის ქუჩაზე, “გუბეების ზეიმზე”, ეპატიჟებოდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ მიპატიჟება არ მიიღო. უფრო მეტიც _ გუბეებში ჩამდგარი წყლისგან თავის დაღწევის მსურველნი, მალე სასმელი წყლის დანატრებულები გახდნენ _ “სეწმეკმა” მოსახლეობისგან გადასახადის ამოღება “მწვალებლური” ხერხით სცადა.
თუ 25-მა ადამიანმა გადაიხადა წყლის გადასახადი და ორმა ვერ შეძლო მისი გადახდა, მაშინ, სანამ ეს ორი ადამიანი არ დაფარავს დავალიანებას, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. მსგავსი ხერხით ფულის ამოღების მაგალითები ხშირად გაშუქებულა ჩვენს გაზეთში, როდესაც ორი-სამი მოსახლის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი უცდიდა, როდის დაიფარებოდა დავალიანება და როდის ჩაირთვებოდა შუქი. ასეთ ქმედებას ხშირად მოჰყოლია მეზობლების დაპირისპირება და საქმე დაძაბულობამდეც კი მისულა.
ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ზარებს არ პასუხობენ, ვისთანაც მოახერხეს დაკავშირება, ეს პარლამენტარი გოჩა შანიძეა.
_ ყველას ახსოვს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ყველა სატელეფონო ზარისთვის ეპასუხა. ეტყობა, მისი ეს ნათქვამი, აქ, ოზურგეთში არ მოქმედებს. რომელ კანონში წერია, რომ სხვისი დავალიანების გამო, ის ადამიანები დავისაჯოთ, რომლებიც ყოველთვიურად ვიხდით წყლის გადასახადს? როცა ბინები წლების მანძილზე დაკეტილია და შიგ არავინ ცხოვრობს, ვინ უნდა მოახდინოს ამის შემოწმება და რატომ სჯით იმათ, ვისაც ფული აქვს გადახდილი? იქნებ, გვიპასუხონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რამდენ ხანს შეუძლიათ, მათ გაძლონ უწყლოდ, ჭუჭყში, საჭმლის მომზადების გარეშე?! პრეზიდენტის სურვილით, ბევრი “ჩაირეცხა” და ამ “ჩარეცხვისგან” დარჩენილი ნაგვისგან გასასუფთავებლად წყალი არ არის საჭირო? _ გვითხრა მოსახლეობამ.
ჩვენ გრიბოედოვის ქ. #29 სახლის ყველა ბინა შემოვიარეთ, რამდენიმე ბინა საერთოდ დაკეტილი დაგვხვდა. ზოგი ამერიკაში არის, ზოგიც _ საბერძნეთში და ზოგი კიდევ, კაცმა არ იცის, სად.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რადგან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის სერვისცენტრის მმართველი ივანე ტაბატაძე თბილისში, სემინარებზე იყო წასული.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ეს საკითხი შეისწავლა და დაუკავშირდა შესაბამის ორგანიზაციას. როგორც მას უთხრეს, აუცილებლად უნდა მოხდეს 70-80%-ის ამოღება. ამ ეტაპზე გრიბოედოვის #29, 23, 25 აქვთ 85%-იანი დაფარვა და წყალი უკვე მიეწოდებათ, _ გვიპასუხეს პრესსამსახურში.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარასკევს, 28 ოქტომბერს წყლის მიღება აღუდგა გრიბოედოვის ქუჩის #23-სა და #25-ში მცხოვრებლებს. რაც შეეხება #29-ს, ადგილობრივების თქმით, აქ წყალი ისევ არ მოდის.