(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 16 ნოემბერს, ოზურგეთში მეტად უცნაური სასამართლო პროცესი ჩატარდა. მუნიციპალიტეტის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა, რომელიც სს “ოზურგეთლუდის” მიერ, საწარმოში მოსახმარ წყალზე მრიცხველის დაყენების საკითხს შეეხებოდა. როგორც სასამართლოზე ითქვა, “ოზურგეთლუდის” დირექტორი, ამირან როყვა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იმის გამო იყო მიცემული, რომ საწარმოში წყალზე დაყენებული მრიცხველის პასპორტი დროულად ვერ იპოვა, რის შედეგადაც იგი გურიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დაჯარიმდა. მოსამართლის მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად, როყვა დაეთანხმა. აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ სამსახურში ახალმისულია. ყოფილმა დირექტორმა მრიცხველის პასპორტი შინ გვიან იპოვა. ახალ დირექტორს კი ამ პასპორტის წარდგენა დაუგვიანდა. ამრიგად, 500-ლარიანი ჯარიმა “ოზურგეთლუდმა” უნებლიე დაუდევრობით “აიკიდა” თუ “აჰკიდეს”.