(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის ახალაგებული შენობის გახსნის გადადების მიზეზი ისაა, რომ სახურავიდან წყალი ჩამოვიდა(!). ჩვენ ამის ოფიციალურ დონეზე გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა _ ტრადიციულად, ოფიციალური პირები კომენტარებს არ აკეთებენ და ჯერაც გაუხსნელ შენობაში გადასაღებად შესვლაც ვერ მოვახერხეთ _ ტერიტორია ლენტებითაა შემოსაზღვრული და შიგნით არავის უშვებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ნაციონალურად” გაკეთებული შენობების სახურავიდან ან წყალი ჩამოდის, ან სახურავი “დაფრინავს” და იმასაც, რომ ლანჩხუთის პოლიციის შენობა ნაჩქარევად აიგო, ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობის გახსნა ამიტომაც გადაიდო რამდენჯერმე. გარდა ამისა, პრობლემას ბუნებრივი აირით პოლიციის ახალი ოფისის მომარაგებაც წარმოადგენდა, თუმცა, როგორც გვითხრეს, ამჟამად ყველა პრობლემა მოგვარებულია.
ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რის გამოც პოლიციის შენობის გახსნა ამ ეტაპზე არ ხდება. ესაა გურიაში გაუარესებული კრიმინოგენური ფონი. საუბარია ლანჩხუთის პოლიციის ძველ შენობაზე ტრაილერის შეჯახებასა და ჩოხატაურში მომხდარ რამდენიმე ყაჩაღობაზე, რომლებიც გაუხსნელია. “ასეთ ფონზე ვანო მერაბიშვილი მოერიდება პოლიციის გახსნას,” _ ამბობენ მოქალაქეები. ამასობაში კი, უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ლენტებშემოხვეული პოლიცია გახსნას ელის, ტრაილერდაჯახებული ძველი შენობა კი არ შეუკეთებიათ და შესაბამისად, პოლიციას მუშაობა “ნაავარიევ” შენობაში უხდება. არსებული ინფორმაციით, ძალიან დაზიანდა შიგა პერიმეტრი და სარემონტო სამუშაოები საკმაოდ ხარჯიანი იქნება. როგორც ცნობილია, პოლიციის ამჟამინდელ შენობაში ქალაქის მმართველი ორგანო და რამდენიმე სამსახური განთავსდება. თავის მხრივ, ეს სამსახურები გამოათავისუფლებენ ფართს ყოფილი სასტუმროს შენობაში, რომლის მთავარი შესასვლელი პოლიციის ახალმა შენობამ, ფაქტობრივად, მთლიანად დაფარა.