(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გიორგობის დღესასწაულზე, ჩოხატაურში, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დილით, სამღვდელოებამ, წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე კი გაიმართა სპორტული ღონისძიებები.
დოღში, ერთკილომეტრიან მარულაში პირველი ადგილი არავის დაუთმო რომან აბესაძემ; ორკილომეტრიან მარულაში პირველ ადგილზე გავიდა სევერიან მეფარიშვილი. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
დოღის შემდეგ, ასპარეზზე ბაზიერები გამოვიდნენ, შემდეგ კი ჩოხატაურის სასპორტო სკოლის რაგბისტების მონაწილეობით შედგა მატჩი რაგბში. ამავე დღეს გაიმართა შეხვედრა ფეხბურთში ჟორდანიას სახელობის ტურნირზე ჩოხატაურის სასპორტო სკოლასა და სამტრედიის “ლოკომოტივს” შორის, რომელიც ჩოხატაურელთა გამარჯვებით (6:0) დამთავრდა.
ამავე დღეს, ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა გურიის მე-16 რეგიონალური საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელიც ერთ კვირას გასტანს.
მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში მოეწყო სსსს “მომავლის” აღსაზრდელების ნამუშევართა გამოფენა. დასასრულ, პატარა შემოქმედებმა კონცერტი გამართეს მოწვეული სტუმრებისთვის.
დღის ბოლოს, მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ტრადიციული, ღია კონცერტი. კონცერტის ბოლოს სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლეები გამგებელმა ლელა იმედაშვილმა სიგელებით დააჯილდოვა.