(ინტერპრესნიუსი) _ ტელეკომპანია “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია “მაესტროს” დატოვებას არ აპირებს . “ჩვენ ვართ “მაესტროში” და “მაესტრო” გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და იქნება თავისუფალი პრესის ციტადელი საქართველოში”, _ განუცხადა “ინტერპრესნიუსს” კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ის ტელეკომპანიაში დღეს, 07:30 საათზე მივიდა, თუმცა “მაესტროს” თანამშრომელმა პატრული გამოიძახა.
“მე მოვედი, როგორც მედიის მართვის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მართავს “მაესტროს”, მოვედით ჩვენს მართვის ქვეშ არსებულ კომპანიაში. კომპანიაში დაგვხვდა ადამიანი, რომელმაც გამოუძახა პატრულს, არ მოგვცა კომპანიაში შესვლის საშუალება. პოლიციას შეატყობინა ვინმე ილია კიკაბიძემ, რომელიც გუშინდელი ბრძანებით მართვის კომპანიის მიერ თანამდებობიდან არის გათავისუფლებული. ამ დროისთვის პატრული და ეს ადამიანი ახორციელებენ საპროცესო მოქმედებას”, _ განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ის აგრძელებს მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის საქმიანობას და ამ წუთში მას ამაში ხელს უშლიან “მაესტროს” დამფუძნებლები, რადგან, კიწმარიშვილის თქმით, ისინი არ აძლევენ საშუალებას ჟურნალისტებს და თანამშრომლებს, მათი კუთვნილი ტერიტორია დაიკავონ.
გუშინ ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ეროსი კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს. ამ დროისთვის “მაესტროს” მაუწყებლობა შეჩერებულია.