(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “გურია ნიუსის” 28 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა წერილი _ “მოსახლეობის პრობლემა ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს”, რომელშიც საუბარი იყო, რომ სოფელ მერიისა და დაბა ლაითურის დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია და დღემდე მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევა მოხდეს. მიუხედავად იმისა, სპეციალური ამკრძალავი ნიშანი არის დადგმული, მანქანებით მაინც დადიან ხიდზე.
რამდენიმე დღის წინ, დაბა ლაითურის ერთ-ერთი მცხოვრები დაგვიკავშირდა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა: _ დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ხაბალაშვილი თქვენს გაზეთთან საუბრის დროს ამბობდა, რომ ხიდზე პრობლემები ცუდი ამინდების გამო შეიქმნა. მე თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა დავაფიქსირო _ ეს ყველაფერი იმ სატვირთო მანქანების ბრალია, რომლებიც ყოველდღე დადიან ამ ხიდზე. ის, რომ ავდარს “დააბრალეს” ხიდის ჩანგრევა, ასპროცენტიანი ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრაა.
კობა ხაბალაშვილი ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ხიდის ჩანგრევა მანქანების მოძრაობის გამო არ მომხდარა: _ მანქანების გამო ჩაინგრა ხიდიო, როგორ უნდა ვთქვა? ამას ვერ ვიტყვი. ასე ის ადამიანები ფიქრობენ, რომლებმაც თქვენთან თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, _ გვითხრა ხაბალაშვილმა.