(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ, მაშინ როდესაც სამაშველო სამსახურისთვის პოლონელთა საჩუქრის გადაცემა ხდებოდა, სოფელ შუხუთის მკვიდრმა ივანე ფირცხალაიშვილმა გამგეობის შენობიდან გამოსული მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი გოგუაძეს დახმარება სთხოვა:
_ თუ კაცი ხარ, დამეხმარე. ამდენი ხანია სამართალს ვეძებ და ვერსად ვნახე. შენი იმედი მაქვს. ვიცი, რომ დამპირდი დაგეხმარებიო, მაგრამ როგორც ჩანს, მარტო ვერაფერს გახდი, რადგან ირგვლივ მექრთამეები არიან, _ საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა იგი.
გამგებელმა თხოვა, ახლა აქ ისეთი სიტუაცია არ არის, ეს საკითხი გადავწყვიტოთ, შემდეგ მოდით და დაგეხმარებითო.
რამდენიმე წუთში ბატონმა ივანემ ჟურნალისტები დაგვინახა და ისევ ახმაურდა:
_ ხალხო, ნახეთ რა დღეში ვარ. წამლების საყიდელი ფული არ მაქვს. ეს არის ხელისუფლება?! ჩემს ყოფაზე დაწერეთ, რომ პატრონი არავინ მყავს. მივედი გამგებელთან, მარა რად გინდა, აი ერთი კაცი, ვერაფერს გახდა, _ ფირცხალაიშვილმა წამლებით სავსე პოლიეთილენის პარკიდან რამდენიმე დასახელების წამალი გამოყარა, _ ხომ ხედავთ, რამდენი წამალი მინდა. მარტო ერთ ყიდვაზე 80 ლარის ნემსი ვიყიდე. სად არ ვიყავი დახმარებისთვის, მარა, მარტო კაი ენით მისტუმრებენ. ჩვენი გამგებელი ვნახე, რავარცხა იქნა. დავდივარ მასთან, მარა მეუბნებიან, გასულიაო. აგერ ხარ, ბატონო გია და გადამიწყვიტე ჩემი პრობლემა. მინდა ქვეყანამ ნახოს, რა დღეშიც ვარ. რაიონს პატრონი არ ჰყავს. ერთი კაცის გარდა, ყველა მექრთამე და კორუმპირებულია.
გამგეობის წინ დაყრილი წამლების აღებაში მას გამგეობის თანამშრომლები დაეხმარნენ და დამშვიდება თხოვეს. მასთან შუხუთის რწმუნებული გოჩა მოქია მივიდა, თუმცა, მოხუცმა სახლში წასვლაზე უარი განაცხადა:
_ 81 წლის კაცი ვარ. დახმარებას ვითხოვ, მეტს არაფერს.
_ კონკრეტულად, რას?
_ წამლის ფული არ მაქვს, კიდევ, მეზობელთან მაქვს პრობლემა. ბოდიში და, ტუალეტი ჩემს სახლზე მოადგა და საშინელ დღეში ვარ. ამდენი თვეა დავდივარ და სამართალი ვერ ვნახე.
_ თუ თვლით, რომ თქვენი უფლება ირღვევა, რატომ სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართეთ?
_ მივმართე კიდეც. რამდენჯერმე იყვნენ ჩემთან მოსულები, დაცვაც კი დააყენეს, მარა შედეგი არაა. სახლში მარტო ვცხოვრობ და ეტყობა, დამჯაბნა ყველამ. სოციალური დახმარებაც მომიხსნეს _ 6 თვეა, 30 ლარს ვეღარ ვიღებ. მითხრეს, აღგიდგენთო, მაგრამ ქრთამი მომთხოვეს. ყველგან ფულს მთხოვენ. თბილისში სამჯერ ვიყავი წასული ამ საკითხთან დაკავშირებით. იქ მითხრეს, დაწერეთ გამგებელზე ცუდი და რეაგირება გვექნებაო. ცუდი რაფერ დამეწერა, როცა ეს კაცი ტკბილი ენით მაინც მესაუბრება?!
_ თქვენი სოფლის რწმუნებულს თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
_ როგორ არა. კაი კაცია რწმუნებული, მარა გამგებლის არ იყოს, მარტო ვერაფერს გახდა. მარტოხელა კაცი ვარ. სახლი თავის დროზე დამეწვა და ასეთ დღეში ვარ. დამეხმარეთ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ის, რაც მე მაწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს. დღეს მე წამლები დავყარე ქუჩაში, მაგრამ ისევ უკან ავკრიფე. ერთი შეშინება შემეშინდა კიდეც, რომ ნემსები ხომ არ გავტეხე,-მეთქი _ რაც ფული მქონდა ყველა მაგაში დავხარჯე.
ჩვენი ბოლო ინფორმაციით, შემდგომი ღამე ივანე ფირცხალაიშვილმა გამგეობის შენობის წინ გაათია და კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი.