(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მესამე კლასში ღია გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში ამავე საგნის მასწავლებელმა, ნინო პუხლოვამ ჩაატარა. გაკვეთილის მსვლელობისას მაქსიმალურად გამოვლინდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ახალი თემის ახსნისას, შ. ნიშნიანიძის “ვაზის სიმფონია” მოსწავლეებმა ჯერ ცალ-ცალკე, მერე კი ჯგუფური კითხვით წარმოადგინეს. პატარებმა საქართველოს თითოეული კუთხე პოეტისა და საკუთარი წარმოსახვის მიხედვით, შედარების ხერხით დაახასიათეს, წაიკითხეს საგალობელი “შენ ხარ ვენახი”, გაიხსენეს ა. კალანდაძის ლექსი “მოდიოდა ნინო მთებით” და საკუთარი ხედვით მშვენივრად ახსნეს, რა კავშირშია ვაზი წმინდა ნინოსთან და საქართველოსთან.
_ ეს იყო ღია გაკვეთილზე უფრო მეტი, პატარა ორიგინალური სპექტაკლი, სადაც ბავშვებმა და მასწავლებელმა შესანიშნავად წარმოადგინეს საკუთარი თავი საგნისა და სამშობლოს სიყვარულთან მიმართებაში, რაც ძალიან მიხარია და მადლობას ვუხდი მათ, _ თქვა ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, მალვინა ნინიძემ.