ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ოზურგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკის მომხმარებლები დააკავეს.
წყაროს თქმით, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც დილით თბილისი-ოზურგეთის მატარებლით მგზავრობდა, ნარკოტიკი მოჰქონდა. მას ოზურგეთში მეგობარი დახვდა. როგორც წყარომ “გურია ნიუსს” უთხრა, სპეცოპერაცია სოდ-მა ნარკოტიკის გადაცემის დროს ჩაატარა.
წყაროს ინფორმაციით, მათი “გაშიფვრა” სატელეფონო საუბრის მოსმენის შედეგად მოხდა. ვარაუდობენ იმასაც, რომ ახალგაზრდას, რომელსაც ნარკოტიკი მოჰქონდა, თბილისიდან გამოჰყვნენ.
ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან ზურაბ გვენეტაძესთან ვცადეთ, რომელმაც “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.