(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ტრაგედია დატრიალდა _ 24 წლის სოსო პატარაიამ მეზობელი 14 წლის თორნიკე კალანდარიშვილი სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1987 წელს დაბადებული სოსო პატარაია, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით. აღნიშნულმა პირმა სოფელ ჩიბათში არარეგისტრირებული სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით კეფის არეში მიაყენა ჭრილობა 1997 წელს დაბადებული თორნიკე კალანდარიშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116 მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო,” _ ამ ინფორმაციას შსს პრესცენტრი ავრცელებს.
“გურია ნიუსი” გამოთქვამს გულისტკივილს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.