ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ილეკროს” დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. 2000 წელს ჩოხატაურის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა, შმაგი ოსეფაიშვილმა, რომელიც დაინტერესებული იყო ოზურგეთელი ქორეოგრაფის ემზარ სანიკიძის შემოქმედებით, ამ უკანასკნელს შესთავაზა პარალელურად ჩოხატაურშიც დაეწყო ქორეოგრაფიული მოღვაწეობა. მალე იდეა რეალობად იქცა. თავის დროზე ანსამბლის ფეხის ადგმაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორმა, სოსო მეგრელაძემ და სამრევლო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, ალეკო კვინტრაძემ. წლინახევრის შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ ანსამბლმა საანგარიშო კონცერტი ჩაატარა. სწორედ ამ კონცერტმა განსაზღვრა ანსამბლის პოპულარობა. “ილეკრო” ჩოხატაურში ჩატარებული თითქმის ყველა ღონისძიებას ალამაზებს მრავალფეროვანი რეპერტუარით. ანსამბლი 10 წლის მანძილზე, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთაც 250- მდე წარმატებული კონცერტით გამოვიდა. სხვადასხვა ფესტივალებში საუკეთესოდ შესრულებული ცეკვებისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა დიპლომებითა და მედლებით. ანსანმბლი უკვე ათი წლისაა და 16 დეკემბერს საანგარიშო კონცერტით წარსდგება ჩოხატაურის ხელოვნებისმოყვარე საზოგადოების წინაშე. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო კონცერტის გამართვას, “ილეკრო” ურეკში გეგმავდა, რადგან ჩოხატაურში სცენის პრობლემა ვერ გვარდებოდა, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის დახმარებით, კინოსახლში მოხდა რეკონსტრუქცია _ სცენა გადიდა, რამაც კონცერტის ჩატარება შესაძლებელი გახადა.
_ ჩემი შვილები 7 წელია “ილეკროს” წევრები არიან. ყოველ რეპეტიციაზე დიდი სიხარულით მიიჩქარიან. ძალიან მადლიერი ვარ ემზარ მასწავლებლის, იგი მაქსიმალურად ცდილობს თავისი ცოდნა სრულყოფილად გადასცეს მოსწავლეებს. შედეგიც სახეზეა _ “ილეკრო” დღეს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლად ითვლება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მშობელმა, თამარ გიორგაძემ.
ანსამბლის ხელმძღვანელის, ემზარ სანიკიძის თქმით, კონცერტზე მაყურებელს სასიამოვნო საათები ელოდება.
_ ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რომ ჩვენი შემოქმედებით მაყურებელს სიამოვნება მივანიჭოთ, _ აღნიშნა სანიკიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი, თამარ კეკელიძე ამბობს, რომ საიუბილეო კონცერტის გამართვაში დიდი დამსახურება ლელა იმედაშვილს მიუძღვის:
_ ჩოხატაურში დიდი ხანია, სცენის პრობლემაა, ამიტომაც გადაწყვეტილი იყო, რომ “ილეკროს” საანგარიშო კონცერტი ურეკში გამართულიყო. როდესაც ლელა იმედაშვილი გამგებლად დაინიშნა, ამ პრობლემის შესახებ ვუამბე და მანაც დაუყონებლივ დაიწყო სცენის გადიდებაზე ზრუნვა.ქალბატონმა ლელამ პრობლემა რამდენიმე დღეში მოაგვარა. ამან პირველ რიგში ბავშვები და მშობლები გაახარა, რომლებსაც, ბუნებრივია, თავიანთ მშობლიურ რაიონში სურდათ კონცერტის გამართვა. რამდენადაც ვიცი, კონცერზე სრული პროგრამა იქნება წარმოდგენილი და იმედი მაქვს, მაყურებელი ამ კონცერტს ღირსეულად შეაფასებს, _ გვითხრა კეკელიძემ.