“დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვება სულაც არ მიმაჩნია საძრახის საქმედ, მაგრამ “კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა”, ამასთანავე, კარგი შემსრულებელიც, რომელიც მხოლოდ მოვალეობისთვის კი არ იმოქმედებს, არამედ ბუნებისა და მისი შვილების გულშემატკივარი იქნება”, _ ამბობს ენვერ (ერმოგენ) კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის” დამფუძნებელი. იგი ძველი მონადირეა და საქართველოს მთა-ბარი ფეხდაფეხ აქვს მოვლილი. განსაკუთრებით, გურიის ფლორისა და ფაუნის ქომაგია და ათეული წლების წინ, საქართველოში პირველმა ჩამოაყალიბა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “ფრთები კარგად ვერ გაშალა”, ზოგიერთებმა კარგი იდეებიც კი გამოსტყუეს და მერე თვითონ გამოიყენეს.
ენვერ კომახიძეს არა ერთ მტკივნეულ პრობლემაზეც ვესაუბრეთ, რომელიც დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემასა და იქ ნადირობის ნებართვას უკავშირდება. მან აღნიშნა, რომ საუკუნეების წინ, ჩვენს მთასა და ბარში, არა ერთი იშვიათი ჯიშის ცხოველი თუ ფრინველი ბინადრობდა, რომელსაც თავდადებით უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ ჩვენი წინაპრები, თუმცა, ბოლო ათწლეულებმა ძალიან გაანელა ხალხის ინტერესი ამ კუთხით და ამ საქმეს ცალკეული გულშემატკივრებიღა შემორჩნენ ქომაგად. მათ შორის, ენვერ კომახიძე საკუთარ თავსაც გულისხმობს. ზოგიერთ კითხვას მან, ჩვენი აზრით, პარადოქსული პასუხიც გასცა, თუმცა, ამას ახსნაც მოუძებნა.
_ ბატონო ენვერ, თქვენ, როგორც ძველ მონადირეს, პირველ რიგში, მსურს გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა კანონპროექტს, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის დაშვების შესახებ?
_ საერთოდ, ნადირობა დასაშვებად მიმაჩნია გამოხშირვის მიზნით. ინგლისში, ოთხ წელიწადში ერთხელ, აკეთებენ გამოხშირვას. სამონადირეო ტურიზმი გულისხმობს იმას, რომ ტურისტი ერთ დღეს ნადირობს, მეორე დღეს ბუნების საოცრებებს ათვალიერებს, მესამე დღეს თევზაობს, მეოთხე დღეს ფოტორეპორტიორად გვევლინება და ასე შემდეგ. ფანტაზია ამოუწურავია. გააჩნია, ტურისტი წელიწადის რომელ დროს ჩამოვა. ამ ყველაფერს თავისი მეთვალყურე და კანონის ჩარჩოში მომქცევი უნდა ჰყავდეს. თორემ ყველამ ყოველდღე რომ ინადიროს, ხომ ამოწყდა ნადირ-ფრინველი?! ამას არც არავინ დაუშვებს. გარდა ამისა, “კეკიობის” ჟამს ყოვლად დაუშვებელია სანადიროდ გასვლა. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვებას, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეთანხმები და მსურს, ვთქვა ერთი რამ: თუ ნადირობა სურს ადამიანს, მას, პირველ რიგში, მოეთხოვება ეს სანადირო გარემო თვითონვე შექმნას. ამასთანავე, იქნება რაღაც დამცავი მექანიზმი, რომელიც შეზღუდვებს დააწესებს. გადასახადი კი კარგი ხელმძღვანელის ხელში, კარგ საქმეს მოხმარდება. ხმები, ეჭვები და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვიღაც სადღაც წაიღებს ამ ფულს და კარგ საქმეს არ მოხმარდება, ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ასე თუ ვიფიქრეთ, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ საქმის გაკეთება გულით და პატიოსნად სურს ადამიანს, აუცილებლად გამოვა.
_ ბატონო ენვერ, ნადირობის რა ხნის სტაჟი გაქვთ?
_ რაც ხელში “რაგატკა” ავიღე, მას შემდეგ ვნადირობ. ალბათ, 13 წლის ასაკიდან. ნადირობა მიყვარს, მაგრამ ბუნებას ვაღმერთებ და ბახმაროს ტყეში რომ შემიყვანო, გზას თვალდახუჭული გავიგნებ. თან გამოვიცნობ, რომელი ჩიტი როგორ გალობს. ხეებს რამდენჯერ მოვფერებივარ, ვინ მოთვლის. გომისმთაზე ერთი ადგილია, “მგლის ნაწოლს” ეძახიან. ირგვლივ საოცარი ალვის ხეები იზრდება _ სულ მზისკენ გარბიან! ბუნებას თავისი სასწაულები აქვს. აქაური კაცი რომ გაგიჟდები ამ სილამაზითა და იდუმალებით, სხვას რა მოუვა? ერთხელ ნისლში დავიკარგე. ისეთი ბურუსი იცის იქ, ერთ მეტრში ვერც თოფის ხმას გაიგებ და ვერც _ ადამიანისას. ძროხას წავავლე კუდში ხელი და ასე, საქონელს მიხუტებული გავედი სამშვიდობოს.
_ როგორ ჩამოაყალიბეთ ადრეულ წლებში თქვენი კლუბი, რა გზა გაიარეთ, რას ეცადეთ, რა გამოგივიდათ და რა _ არა?
_ “გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბი” 2000 წელს ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. კანონის სრული დაცვით მოვახდინეთ რეგისტრაცია და შევქმენით წესდება, რომლის მიხედვით ჩვენი საქმიანობის მიზანი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ბუნების ტრფიალისთვის ადვილად შესასრულებელია: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ფლორისა და ფაუნის მოვლა-შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტურიზმის და, მათ შორის, სამონადირეო ტურიზმის განვითარება, ძველი სამონადირეო ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაცია, გადაშენების პირას მისული ფრინველებისა და ცხოველების დაცვა და მათზე ზრუნვა, პროფესიონალ მონადირეთა ხელშეწყობა და დახმარება. ეს ყველაფერი ჩვენ ჯერ კიდევ 11 წლის წინ დავგეგმეთ. მას შემდეგ, ბევრჯერ წამოვაყენეთ ბიზნესწინადადება და ვის აღარ ვთხოვეთ, გურიის რეგიონში ერთადერთი სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ძირითადი მიზნის _ რეგიონში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაში თანადგომა, ადრესატს ვუხსნიდით და ვარწმუნებდით, რომ კარგია ხოხბის სანაშენე მეურნეობის შექმნა, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ე. წ. “რწყავისრტოს” ტყეში შესაძლებელია გარეული ღორის მოშენება. (კომუნისტების დროს, სხვათა შორის, იყო აქ გარეული ღორი მოშენებული და მერე განადგურდა). ეს ტყე ადვილი მისადგომია _ ქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ცენტრალურ საავტომობილო გზამდე მანძილი, სულ რაღაც, 1,5 კილომეტრია. ტყის ფართობი არის 30 ჰექტარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხელსაყრელი გარემოა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენი კლუბს აქვს დასახული.
_ ბატონო ენვერ, ასე ადვილია გარეული ღორის ტყეში გაშვება? ხალხი შინ ვერ ზრდის იოლად პირუტყვს.
_ სწორედ რომ ადვილია ჩვენთან ამის გაკეთება. ტყეში არის საკმაო საკვები რესურსი იმისთვის, რომ ველურმა ღორმა თავი ირჩინოს. რა თქმა უნდა, ყურადღება სჭირდება, თუმცა, ტიტანურ შრომას არ ითხოვს. მახსოვს, ერთხელ, ეს იყო 70-იან წლებში, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და ვაკიჯვრის ტყეში გარეული ღორები დაიხოცნენ. რაკი უჩვეულო ზამთარი დადგა, საჭირო გახდა, ტყეში ქატო აეტანათ და ღორებისთვის დაეყარათ. მოგეხსენებათ, ჩვენთან გრძელი ზამთარი არ იცის და არც ისე ძნელი იყო პირუტყვის გადარჩენა, უბრალოდ, ვიღაცას რაღაც დაეზარა და საქმეც წახდა. დავძენ, რომ ასეთი ზამთარი ჩვენში 30-40 წელში ერთხელ შეიძლება დადგეს და ამის გამკლავება არ უნდა გაგვიჭირდეს.
_ თქვენ თქვით, რომ ერთხელ იდეაც კი მოგპარეს. თუ საიდუმლო არ არის, გვითხარით, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს?
_ ვწერდით პროექტებს და ვისთანაც კი ჩვენი ძალებით ხმის მიწვდენა შეგვეძლო, დახმარებას ვთხოვდით. ერთხელ, არჩევნების დროს, მრეწველ გოგი თოფაძეს “წავაწყდით” გურიაში. გავაცანით ჩვენი იდეა, ტყეში ველური ღორის მოშენების შესახებ. ძალიან მოეწონა ჩვენი ნააზრევი და თანადგომას შეგვპირდა. მერე გავუგზავნეთ წერილი. შეგვეხმიანა, კაბინეტში მიდევსო. დახმარებას კიდევ ერთხელ შეგვპირდა. მოგვიანებით კი სატელევიზიო ეთერით ვნახეთ, რომ კახეთში, სადღაც შემოღობილში გარეული ღორები თავად გაუშვია!!! ღორს “სეტკაში” რა უნდა? ღორი უნდა გაუშვა ტყეში! სიმართლე გითხრათ, გული დაგვწყდა და მერე აღარც შევხმიანებივართ. გადახედეთ ამხელა ტყეებს, გული მიკვდება _ სადღაც მშიერი ტურა თუ დაიჩხავლებს. სავალდებულო ხომ არ არის, ადამიანმა მხოლოდ ინადიროს? უნდა მოშენდეს ფრინველები, ცხოველები და მერე ნადირობასთან ერთად, ადამიანი ბუნების ცქერითაც დატკბეს, ამ ნადირ-ფრინველთან ერთად.
_ ბატონო ენვერ, თქვენ ხოხობიც ახსენეთ.
_ ძალიან კარგი იქნება ჩვენს ტყეებში ხოხბის გაშვება. იგი სულ შვიდი სახეობისაა. კოლხური რომ გაუშვა, ზღვისკენ წავა და თავს ადვილად ვერ დაიცავს, ამიტომ ნაკლებად შეძლებს გამრავლებას. უნდა შეირჩეს ისეთი ჯიში, რომელიც უფრო ტყისკენ მირბის, სტეპში არ ჩამოდის და სიცივეს უძლებს. იქ თავსაც ადვილად დაიცავს და გამრავლებასაც შეძლებს. ხოხობიც იყო ადრე ვაკიჯვრის ტყეში. რჩენას არ გთხოვს და განსაკუთრებულ ჭაპანწყვეტას. ხოხობი იჩხრიკება და არის. ვიმეორებ, მარტო მონდომება არ არის საკმარისი, უნდა გულიანი ინვესტორი და 4-5 წელიწადში შესანიშნავი შედეგი გვექნება. ტურისტი მარტო ზღვითა და მდინარით კი არ უნდა დააინტერესო, არამედ ეგზოტიკური ტყე-პარკითაც უნდა გააოცო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება ძალზე დიდია. ჩამოყალიბდა ტურიზმის ცალკე სახეობა, რომელსაც ეწოდება “ბიორდვოჩერები”, რაც მოთვალთვალეს ნიშნავს ინგლისურად. გადამფრენ ფრინველებს სურათებს უღებენ. ჩვენს ქვეყანაში, ბათუმში არის კიდევ ერთი სამიგრაციო დერეფანი ანუ ძაბრი, რომელიც ასე იქმნება: მას შემდეგ, რაც მტაცებელი ფრინველები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს, ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის და მესხეთის ქედებს. ამის გამო, ძალაუნებურად, მათი დიდი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში. შემდეგ, როცა გადალახავენ საქართველოს საზღვარს, თანდათან ისევ დაშორდებიან ერთმანეთს. ეს, სანახაობრივი თვალსაზრისით, საოცრებაა და “ბიორდვოჩერებისთვის” ძალიან “მსუყე ლუკმა”. ამ საქმითაც შეიძლება, ბიუჯეტში სერიოზული თანხა შევიდეს. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით _ ერთხელ გადამფრენ ფრინველს, რომლის ნამდვილი სახელი კრაზანიჭამიაა და ჩვენში ირაოს ვეძახით, ფეხზე აღმოვუჩინეთ რგოლი. ფინეთიდან იყო წამოსული. მერე ეს ინფორმაცია აღნიშნულ მისამართზე გავგზავნეთ ინტერნეტით. ძალიან მადლობელი დარჩნენ და გვითხრეს, ეს უკვე 76-ე შემთხვევაა, რაც მაგ ტრასით მიფრინავენო! წარმოიდგინეთ, ჩვენს ზემოთ როგორი ტრასა გაუხსნიათ გადამფრენებს, თან ამ ტრასით შეიძლება, ჩვენ ისე “ვისარგებლოთ”, რომ სარგებელი ბიუჯეტში შევიდეს და სამომავლო საქმეს წაადგეს.
მსოფლიოში დღეს ძალიან პოპულარულია გადამფრენ ფრინველებზე, ზოგადად ფრინველებზე, დაკვირვება. ეკოლოგიური ტურიზმის ფარგლებში სპეციალური ტურები ეწყობა, რომლის დროსაც ტურისტებს საშუალება აქვთ, ფრინველებს უშუალოდ ბუნებაში დააკვირდნენ, გადაუღონ ფოტოები, ჩაიწერონ მათი გალობა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, ამერიკაში ამ ტურებიდან შემოსული თანხა ბეისბოლიდან შემოსულს უსწრებს და 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. შემოსავლის დიდი ნაწილი ისევ ფრინველთა დაცვას ხმარდება. იზრდება დაცული ტერიტორიების პერსონალი. ამიტომაც არის დაფიქრება საჭირო, რომ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი ინფრასტრუქტურა. ეს ჩემი ოცნებაა.
_ ამ ეტაპზე თქვენ მაინც ენთუზიაზმის ამარა ხართ და ჯიუტად გჯერათ, რომ კეთილი ინვესტორი გამოჩნდება.
_ ინვესტორთან, თუ ის გამოჩნდება, დაჯდომა და სერიოზული საუბარია საჭირო. მაქვს იდეა, რომელსაც დიდი ხანია, ველოლიავები. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ თუ რამე გაკეთდება, არ მინდა, ფულთან შეხება მქონდეს. უბრალოდ, ინვესტორისთვის მე ვიქნები დასაყრდენი ჩვენს მხარეში. პრეტენზია ნამდვილად მაქვს გურიის ფლორისა და ფაუნის სიღრმისეულ ცოდნასა და დიდ სიყვარულზე. ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს, საქართველოს თუ არა, გურიის ისტორიაში მაინც შევა. ადვილიც არ იქნება ეს ყველაფერი რომ აკეთო. კონტროლი, დევნა და სირბილი უნდა და, რაც მთავარია, ისეთი სიყვარული, რომელიც ბუნების გარეშე ვერ გაგაძლებინებს. აი, მაშინ საქმე გამოვა.
_ “ჩაშვების ინსტიტუტი” ახსენეთ. ვინმე ვინმემ, როდის და რატომ ან რანაირად უნდა “ჩაუშვას”?
_ ჩვენს კლუბს ადრე გამოუყვეს 54 ჰექტარი ტყე, ვაკიჯვრიდან ბახმარომდე, მაგრამ სწორედ ინვესტორის არყოლის გამო ჩამოგვართვეს. ან რად გვინდოდა? ვერ მივხედეთ. თუ ბედი გაგვიღიმებს და მოხდება ისე, რომ საქმეს შევუდგებით, ერთობლივი გადაწყვეტილება ყველასთვის კანონი უნდა იყოს. ამიტომ, როცა ტყეში თოფის ხმას გაიგებ, ვგულისხმობ იმ ტყეს, სადაც უკვე პროექტი გახორციელდება, ყველამ უნდა გაარკვიოს, უნდა გამოიძიოს, ვის წასძლია სულმა, ენადირა. გარკვეული ფორმით ის უნდა დაისაჯოს უპასუხისმგებლობისა და სულწასულობისთვის. თუ ნადირობაა, ან ერთად უნდა ინადირონ ან შეთანხმებით. ამას გინდ “ჩაშვება” დაარქვით და გინდ, გაშვება. ასეთი ადამიანი უნდა ჩამოშორდეს “ტყის ძმებს”. სხვანაირად შედეგი არ დადგება _ მონადირე და ნადირობა მეტად ფაქიზი ცნებებია.
_ რას მიიჩნევთ ბრაკონიერობად?
_ წყლის მოწამვლა და დინამიტით სარგებლობა ნამდვილად ბრაკონიერობაა და ეს არ უნდა დავუშვათ. სინათლით, ანუ ფანარით ნადირობა კი სპორტული სახეა და აკრძალვას არ ექვემდებარება.
_ ბატონო ენვერ, თუ გაგიგიათ ან წაგიკითხავთ, ძველად, საქართველოში, რა პრინციპით უდგებოდნენ ისეთ ან მსგავს საკითხებს, როგორზეც ახლა ვისაუბრეთ?
_ გადასახადის ამბავი არ ახალია. წამიკითხავს ისტორიკოს ქველი ჩხატარაშვილის გამოკვლევა ნაფაცხვარი-გომისმთის შესახებ. ძველ საქართველოში, მხარეთა შორის, საზღვრები გადიოდა, მაგალითად, გურიასა და აჭარას შორის. მდინარე აჭარისწყლის აუზის კალთები აჭარას ეკუთვნოდა, შავ ზღვაზე ჩამდინარე წყლების სათავეები კი _ გურიას. გურია-აჭარის ქედზე სამი მთავარი “საბალახო მთა” იყო, რომლის მიდამოებზე გაზაფხულ-ზაფხულობით აჭარიდან გადმოსული მესაქონლეები ერისთავებს ყოველწლიურად “ბალახის ბაჟს” ანუ “საბალახეს” უხდიდნენ: ყოველ მეწველ ძროხასა და კამეჩზე თითო ყველს, მეწველ თხებსა და ცხვრებზე კი მათ “ათიათავს”, ანუ მეათედს. გურიელსა და შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა მთაგინურას საძოვრები. მეფის რუსეთის ხელისუფლებისთვის 1829 წელს წარდგენილ მოხსენებაში ოზურგეთისა და შემოქმედის მოურავი, თავადი ლაზარე ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა გოგიეთის, გომისა და ვაკიჯვრის ტყეები, საიდანაც მონასტერს ათი ოყა სანთელი შემოდიოდა. მონასტერსვე ეკუთვნოდა “ნადირობის ბაჟი” _ ამ ტყეებში მოკლული ირმის და ღორის ფელიკი. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ საქმეს სჭირდება ორგანიზებული მიდგომა. გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ჩვენი უზადო ბუნების სახით, რომლის მიზანმიმართულად და სიყვარულით ათვისება ჩემთვის და ყველასთვის ნანატრი ოცნების ახდენასთან მიგვიყვანს.