ვინ როგორ, სად და რა განწყობით შეხვდა ახალ წელს? “გურია ნიუსი” საჯარო მოხელეებსა და ოპოზიციონერებს არაპოლიტიკურ და არასამსახურებრივ ამბებზე ესაუბრა.
გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მან ახალი წლის საღამო ოჯახთან ერთად გაატარა, ღამით კონცერტს დაესწრო და უკვე 12 საათზე სახლში იყო, სადაც ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდა. მეკვლე კი მისი დისშვილი, მე-12 კლასელი ნიკუშა ბურჭულაძე იყო.
გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: _ ეს ჩემი პირადი საქმეა და არ არის საჯარო ინფორმაცია.
ლაშა შაფაქიძე, გუბერნატორის მოადგილე: _ ახალი წლის საღამოს ჩემი ახალგარდაცვლილი მეგობრის ოჯახში ვიმყოფებოდი.
ალეკო მამეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: _ შობა-ახალი წელი ყოველთვის გამორჩეული დღესასწაულია ჩვენთვის. ახალ, 2012 წელს თეატრალურ მოედანზე, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად შევხვდი. მოედნიდან, გადამდები საახალწლო განწყობით, სახლში გადავინაცვლე. ვფიქრობ, ახალი წელი უპირველესად ოჯახური დღესასწაულია. წელსაც ჩემი ოჯახის მეკვლე თავად გახლდით. ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა. 2012 წელი ჩემი ოჯახისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო _ პატარა ლიკა პირველად შეხვდა ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოჯახებისთვის, გურიისთვის და სრულიად საქართველოსთვის ეს წელი სასიამოვნო სიახლეებისა და წარმატებების მომტანი იქნება.
ილია ვაშაყმაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: _ სხვათა შორის, არატრადიციულად გავატარე წლევანდელი ახალი წელი _ თუ აქამდე ოჯახში ვხვდებოდი, წელს ოჯახთან ერთად ქუჩაში, თეატრალურ მოედანზე შევხვდი. ოზურგეთელებთან და სტუმრებთან ერთად გავატარე ეს საღამო, საზეიმო განწყობით, ლამაზი ფეიერვერკების ფონზე, ძალიან ლამაზი ღამე იყო, კმაყოფილი წავედი სახლში.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ვინ იყო ვაშაყმაძის მეკვლე, მან ასე გვიპასუხა: _ მეკვლე? სამსახურში თუ სახლში? არ ვიცი, ალბათ, მე ვიყავი.
ლაშა ღლონტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში: _ ახალი წელი ტრადიციისამებრ ოჯახთან ერთად გავატარე. ჯერ დავესწარი კონცერტს ოზურგეთში, შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ვიზეიმე ახალი წლის შემობრძანება. დავილოცეთ, შემდეგ კი მეგობრებსა და ნათესავებს მივულოცეთ. მეკვლე ჩემი ბიძაშვილის შვილი იყო.
მიხეილ გოგოტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე: _ ახალ წელს თეატრალურ მოედანზე შევხვდი. თუმცა, ახალი წლის დადგომას ძველით ახალ წელს ვიზეიმებ.
ირინა საჯაია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: _ ახალ წელს, ჯერ თეატრალურ მოედანზე, შემდეგ ოჯახში შევხვდი. ეს იყო მეგობრებისა და ნათესავების დღე.
რესპუბლიკელი მარინე სუნგულია: _ ახალ წელს, ჩვეულებრივ, ოჯახურ სიტუაციაში შევხვდი. მაგრამ წლევანდელი ახალი წელი, სხვა წლებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი დაიღუპა დეკემბერში და ყველა მათგანს გულმა უღალატა, რამაც ძალიან დაამწუხრა ჩემი ოჯახი. ჩემთვის ეს ნიშანია იმისა, თუ როგორ უჭირს ჩვენს მოსახლეობას, როგორც ცხოვრება, ისე _ მკურნალობა. მაგრამ ამავე დროს, მაქვს მომავლის დიდი იმედი, რომ ქართული სახელმწიფო შედგება და ყველა ადამიანს ექნება სრულფასოვანი არსებობის საშუალება. მინდა აღვნიშნო, რომ ახალი წელი ძალიან მძიმე იყო მოსახლეობისთვის, რადგან ფასების მატებასთან ერთად, შემოსავლებმაც მოიკლო. მინდა ერთი მაგალითი მოვყვე: _ ბაზრიდან საახალწლო ვაჭრობის შემდეგ ტაქსით წამოვედი და დავიწუწუნე, რომ როგორი ძვირი იყო ბაზარი. ტაქსის მძღოლმა მიპასუხა, მე ფასებითაც კი არ დავინტერესებულვარო, რადგან 13-წევრიან ოჯახში მხოლოდ ვმუშაობ და ორი პენსიონერია. ალბათ, იმაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ საახალწლო სუფრაზე, როგორც ჩვეულებრივ მწირ სადილზეო. ამის პარალელურად ჩვენს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებებზე ათასობით ლარი იხარჯება, ისევ ხელისუფლებისთვის, მათ შვილებს და ახლობლებს ურიგდებათ საახალწლო მოსაწვევები. რა თქმა უნდა, მაგალითისთვის შეიძლება, რამდენიმე გაჭირვებული ოჯახიც გამოურიონ, რადგან ეს ისევ მათ სჭირდებათ პიარისთვის.
ლელა ნაცვალაძე ოპოზიციონერი: _ ძალიან უხალისოდ შევხვდი ახალ წელს, თუმცა იმედებით და სიახლეებით, რომ საქართველო ამ წელს ნამდვილად გაბრწყინდება. ახლობელი და უახლოესი მეზობელი გარდამეცვალა და მთელი ეს დღეები მის ოჯახში გავატარე.
“გურია ნიუსი” ქუჩაში რამდენიმე უბრალო მოქალაქესაც შეხვდა და შეეცადა, გაეგო, როგორ გაატარეს მათ თ. მაჭარაშვილი: _ როგორ შევხვდი და გაჭირვებულად. ვცხოვრობ შემოქმედის ჩაის ფაბრიკის ბინებში. ამობრძანდით იქ და ნახავთ, როგორ ცხოვრობს ხალხი და თავად გეტყვიან, როგორ გაატარეს ახალი წელი. სულ გვიჭირს, მაგრამ არავინ დაგვხმარებია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები ნ. ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ახალი წლის შესახვედრად დიდი ხანია, ემზადებოდა: _ ახალ წელს მთელი თვეების დანაზოგით შევხვდი. ვაგროვეთ, რომ ჩვენს სუფრაზე ტკბილეულობა ყოფილიყო, ჩვენი ოჯახი ლამაზად შეხვედროდა სტუმრის მოსვლას _ ისე, როგორც სჩვევიათ ქართველებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცხოვრები ნ. დარჩიას თქმით, მას, შეძლებისდაგვარად, ტრადიცია არ დაურღვევია:
_ ჩვეულებრივად შევხვდით. კი გვინდოდა, უკეთესად დავხვედროდით ახალ წელს, მაგრამ სადაა, შვილო, ამდენი საშუალება?! მთავარია, ტკბილეული გქონდეს სუფრაზე.
ლ. დობორჯგინიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები: _ საცოდავად, უფულოდ, გაჭირვებულად შევხვდით ახალ წელს, პენსია კი მაქვს, შვილო, მაგრამ რაში მყოფნის? ახლა რომ 100 მანეთს დაიკავებ ხელში და ბაზარში წახვალ, სახლში მიიტან რამეს? ჩემი პენსიით ნამცხვარი და ყავა ვიყიდე. ხორცი ვერ ვიყიდე _ არ გავკარებივარ ხორცის მაღაზიას. სად მქონდა მაგის ფული? რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ცხოვრება _ ვინც ტაშს უკრავს, კარგად აქვს საქმე აწყობილი, ვინც ასე არ ვიქცევით, კი ვართ ჩვენდა საკადრისად.
ნ. გელენიძე: _ 5-სულიანი ოჯახი ვართ, ორი მცირეწლოვანი ბავშვით. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. თურქეთში დავდივარ 55 წლის ქალი. მყავს ონკოლოგიურად ავადმყოფი შვილი. მისი მეუღლე თურქეთში მუშაობს, მთელი სამი თვე დანაზოგს ვაკეთებდით, რომ ახალი წელი სხვა ოჯახებივით ლამაზად გაგვეტარებინა. პირველ იანვარს საახალწლო ზეიმს დაესწრნენ ჩემი შვილიშვილები ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში და გული ძალიან დამწყდა, როცა მათ ის საჩუქრები არ მისცეს, რომლებიც მხოლოდ მოსაწვევებით რიგდებოდა.
ოზურგეთში მცხოვრებმა შუახნის ქალბატონმა თავისი გულისტკივილი გაგვანდო: _ დიასახლისი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა მოამზადო სადღესასწაულო სუფრა. ისიც ვიცი, რა არის საჭირო, სტუმარს სათანადოდ რომ დახვდე. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ვერც მე და ვერც ჩემმა ახლობლებმა ეს ვერ მოვახერხეთ. როცა ერთი კილოგრამი ხორცი 12 ლარი, ერთი კილოგრამი ყველი 10 ლარი ღირს, როგორ უნდა მოახერხო ლამაზი და ხვავრიელი სუფრის გამზადება? აღარაფერს აღარ ვამბობ, მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ!