(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ტრადიციულად, გურიის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს ჩაის კულტურის და ციტრუსის მოყვანა-რეალიზაცია წარმოადგენდა. თუმცა, სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოში არსებული სავალალო ვითარება, ყველაზე მეტად გურიის რეგიონს დაეტყო”, _ ამბობს პარტია “თავისუფალი საქართველოს” გურიის რეგიონის თავმჯდომარე, მინდია კეჭაყმაძე.
მისი თქმით, _ რეგიონში პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკები, რაც ამ კულტურის მოყვანას აზრს უკარგავს; კატასტროფული მდგომარეობაა ციტრუსთან მიმართებაშიც გასაღების ბაზრის არ ქონის გამო _ გლეხებს მოყვანილი მოსავალი ულპებათ, რაც მათ იძულებულს ხდის, დათანხმდნენ ციტრუსის შემსყიდველი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ მიზერულ ფასებს. ციტრუსზე ფასების ვარდნა განაპირობა, დღესდღეობით ერთადერთ, უკრაინის ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ, რაც თავის მხრივ, საბაჟო გადასახადის ზრდამ გამოიწვია, _ ამბობს კეჭაყმაძე.
“თავისუფალი საქართველო” ვარაუდობს, რომ მათი პარტიის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებების პროცესი რუსულ მხარესთან ქართულ ჩაისა და ციტრუსზე არსებული შეზღუდვების მოხსნაზე, წელს წარმატებით იქნება დასრულებული და გლეხებს საშუალება მიეცემათ, მაღალ ფასებში მოახდინონ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაცია.