(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ხუთშაბათს, 12 იანვარს, 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია, წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, მედიის შეფასება გაიმართა. მედიასაშუალებებმა შეხვედრის თემა სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგინეს და მათ მიმართ დასმულ საკმაოდ მწვავე შეკითხვებსაც უპასუხეს. “გურია ნიუსის” მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის მმართველი ზაზა ჯინჭარაძე დაინტერესდა, თუ რას მოხმარდება საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” მიერ ჩამორიცხული სარეკლამო თანხები და სხვა გამოცემებიც თუ მიიღებენ რეკლამის ღირებულებას. მკითხველს შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ამავდროულად, პარტიული მუშაკიცაა _ მმართველი პარტიის პრეს-სპიკერია. ამდენად, ეს პროპაგანდისტული შეკითხვა გასაკვირი არც იყო.
შეხვედრაზე ყველაზე საყურადღებო ის იყო, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი ბასილაშვილმა გვთხოვა, დავინტერესდეთ სკოლის მოსწავლეების მდგომარეობით; პირველკლასელი მოსწავლეების მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ მათ, მშობლიური ქართული ენის შესწავლასთან ერთად, უცხო ენასთან _ ინგლისურთან გამკლავება უჭირთ. ქალბატონი ლალის თქმით, ამ სიძნელეს, უცხოელი პედაგოგებიც აღიარებენ და განიცდიან.
ქალბატონი ლალი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს, ასევე, საშუალება უნდა ჰქონდეთ, ხშირად იარონ ექსკურსიებზე, დაათვალიერონ ისტორიული ძეგლები და ცნობიერება გაიმდიდრონ.
“გურია ნიუსი” მადლობას უხდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისა და საზოგადოებისთვის ესოდენ სასარგებლო აქტიური საქმიანობისთვის.