“ნაციონალები” პოზიციების დათმობას არ აპირებენ. საარჩევნო სამზადისი უკვე იგრძნობა გურიაშიც. ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ-სოფელ დადის და ხალხის გასაჭირით ინტერესდება, ამას კი აპიარებენ სოციალური ქსელებით, მათთვის სასურველი მედიასაშუალებებით და დარწმუნებით აცხადებენ, რომ არჩევნებს მოიგებენ.
არჩევნების მოგებაში ოპოზიციაც დარწმუნებულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფინანსური პრობლემები, ასე თუ ისე, მოეხსნათ, ისინი ჯერჯერობით არანაირ აქტივობებს არ ახორციელებენ. უფრო მეტიც, მათი ოფისები ხშირ შემთხვევაში დაკეტილია.
“გურია ნიუსი” ჩოხატაურელი პოლიტიკოსების საქმიანობით დაინტერესდა. “ახალი მემარჯვენეების” ოფისს, რომლის ხელმძღვანელი გელა ლომინეიშვილია, საერთოდ ვერ მივაგენით; ვერც ალასანიას “გაერთიანებული დემოკრატების” ოფისი ვიპოვეთ; “რესპუბლიკელების” ოფისი დაკეტილი დაგვხვდა. ერთადერთი პარტია, რომლის ოფისის კარი ღია იყო “ნაციონალური მოძრაობა” გახლდათ. იქ მხოლოდ ერთი აქტივისტი _ ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა, რომელმაც ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრა და კომენტარებსაც მოერიდა.
მისი თქმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია კონცერტებს სოფლებში მართავს, ბოლო ღონისძიება კი სოფელ ერკეთში გამართეს:
_ სოფლის კლუბში “ჯინსების თაობის” კონცერტი მოვაწყვეთ, _ აღნიშნა ბენდელიანმა.
“ნაციონალების” აქტივისტის თქმით, მას ხელფასი არ აქვს:
_ სახლში ტყუილად ვიყავი და… _ დააკონკრეტა ბენდელიანმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისი საარჩევნო პლაკატებით არის სავსე _ “მიშა მაგარია”, “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, “მე და მიშა შევძლებთ”. ჩვენს კითხვაზე, რას შეძლებს ბენდელიანი მიშასთან ერთად, ამ უკანასკნელმა პასუხის გაცემა არ ისურვა და აღნიშნა, რომ მას არაფერი შეუძლია. მან არც ის გასაკეთებელი საქმეები დაასახელა, რომლის გაკეთებასაც მმართველი პარტია აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერები ოფისებში ვერ ვიპოვეთ, მათ ტელეფონით დავუკავშირდით და შეხვედრა ვთხოვეთ იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებენ და რა გეგმები აქვთ არჩევნების მოსაგებად.
“თავისუფალი დემოკრატების” საინიციატივო ჯგუფის წევრის, ვახტანგ გაჩეჩილაძის თქმით, პარტიის ოფისი იმიტომ არ არსებობს, რომ ჩოხატაურში ორგანიზაცია ჯერ არ დაფუძნებულა:
_ თუმცა, გადაწყვეტილია _ “ქართულ ოცნებაში” შემავალ სუბიექტებს ექნებათ ერთი საერთო ოფისი, რომელშიც უნდა იყოს, მინიმუმ, 4 ოთახი, რათა ყველა პარტია განთავსდეს. სავარაუდოდ, ეს იქნება შენობა, სადაც ამჟამად რესპუბლიკელები არიან განთავსებულნი.
_ ბატონო ვახტანგ, ივანიშვილმა “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს სოლიდური თანხა გადმოურიცხა. მათ შორს იყო თქვენი პარტიაც. რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ არჩევნების მოგებას იმ დროს, როცა ჯერ ოფისიც არ გაქვთ, პარტიაც არ ჩამოგიყალიბებიათ და არანაირ აქტივობას არ ახორციელებთ?
_ აქტივობას ვახორციელებთ იმდენად, რამდენადაც გუნდი ჩამოყალიბებულია უკვე. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა სოფელი და ველოდებით პარტიის ლიდერების ჩამოსვლას.
_ რას შეცვლის პარტიის ლიდერების ჩამოსვლა?
_ პარტია ოფიციალურად დაფუძნდება, სავარაუდო, ეს ამ თვეში მოხდება.
_ აქტივობა მხოლოდ გუნდის ჩამოყალიბებას ნიშნავს?
_ ეს გუნდი, თავისთავად იმუშავებს თავიანთ სოფლებში. შემდეგ, როცა საარჩევნო რეჟიმზე გადავალთ, სიტუაცია უფრო გაიშლება.
_ როგორ აპირებთ ამომრჩეველთა გულის მოგებას _ დაპირებებით?
_ დაპირებებით ხალხი დაიღალა. პირველ რიგში, მათ უნდა ავუხსნათ, რომ დავძლიოთ შიში, რომელიც ბოლო წლებში გამეფებულია მოსახლეობაში და მოსახლეობა გამოვიყვანოთ ნიჰილიზმის და უიმედობის მდგომარეობიდან. ეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს ჩვენი აქტიური მუშაობით და საარჩევნო პროგრამებით გახორციელდება. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩატარდეს მართლაც დემოკრატიული არჩევნები, და ხალხს არ უნდა ჰქონდეს ხმების დაკარგვის შიში. ამ ხელისუფლების პირობებში ეს ცოტა რთული შესასრულებელია, მაგრამ მიუღწევადი არაფერია. პირადად მე, იმედი მაქვს, რომ გაიღვიძებს ქართული გენი, რომელიც არ არის მონობას, შიშს და მოტყუებას მიჩვეული.
_ არ ფიქრობთ, რომ იმ სახეებით, რომლებითაც ჩოხატაურში ოპოზიციური პარტიებია წარმოდგენილი, არჩევნების მოგება გაგიჭირდებათ? ზოგი მათგანი მრავალ პარტია გამოცვლილია, ზოგიც ისეთია, რომლებიც არჩევნების დროს ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ. რა გარანტიაა, რომ ახლაც იგივე არ მოხდება და ხელისუფლება თქვენს “ყიდვას” ისევ არ მოახერხებს?
_ მე არ ვიყიდები. რაც შეეხება “თავისუფალ დემოკრატებს”, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ასეთი სახეები ჩვენს გვერდით არ იყოს.
_ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიები სოლიდური თანხით დააფინანსა, ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შემცირდა დასაფინანსებელი თანხა და უფრო მეტიც, კანონს უკუძალის სახე მისცეს, რაც მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადების შემდეგ გადაიფიქრეს. ჩვენი ინფორმაციით, ამ კანონის მიღებისთვის თქვენ დაგიკავშირდნენ “თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალური ოფისიდან და ჩამორიცხული თანხის უკან დაბრუნება მოგთხოვეს.
_ ის თანხა დაბრუნდა უკან, რომელიც ვერ ავითვისეთ.
_ რამდენი გადმოგირიცხეს და რამდენი აითვისეთ?
_ ეს იყო იმ ადამიანების შრომის ანაზღაურების თანხა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს. რა თანხაც დარჩა, ის დაბრუნდა უკან. ის, რომ თანხა გადმორიცხეს და უკან დაგვაბრუნებინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
_ რა რაოდენობის თანხა იყო სულ?
_ სულ იყო 1500 ლარი და 1000 ლარამდე გავეცით, _ გვითხრა გაჩეჩილაძემ.
“რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ახობაძეა. თუმცა, ის ჩოხატაურში არ იმყოფება, რადგან რამდენიმე თვეა, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ახობაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მალე პარტიის არჩევნები ჩატარდება, სადაც თავმჯდომარე თავიდან უნდა აირჩიონ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ისე მას აირჩევენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ჩოხატაურში აუცილებლად დაბრუნდება.
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრის, გოჩა ჯიქიას თქმით, ის “რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ახალი სახეა:
_ პარტიაში სულ ახლახანს შევიტანე განაცხადი წევრობაზე. ამ დრომდე მხოლოდ მხარდამჭერი ვიყავი.
_ ბატონო გოჩა, რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებთ?
_ არჩევნებში ჩვენი პარტია დამოუკიდებლად არ მონაწილეობს. ჯერ მიმდინარეობს გაერთიანების პროცესი. ამ ეტაპზე “ქართულ ოცნებაში” არიან ალასანიას “გაერთიანებული დემოკრატები” და ჩვენ, “რესპუბლიკელები”. “კონსერვატორები” ჩოხატაურში ჯერ არ შემოგვერთებიან.
_ შეგიძლიათ თუ არა იმ თანხის ოდენობა დაგვიკონკრეტოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების შემდეგ მიიღო “რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციამ?
_ ჩვენ არც ერთი თეთრი არ მიგვიღია. თანხა გადმოერიცხა ოფისის მენეჯერს ხელფასისთვის და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს. დაზუსტებით ვიცი, რომ ეს თანხა იყო 600 ლარი.
გოჩა ჯიქიას თქმით, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” ჩოხატაურის ცენტრში იმ შენობაში განთავსდება, სადაც ახლა “რესპუბლიკელების” ოფისია:
_ იქედან გამომდინარე, რომ მოძრაობაში რამდენიმე პარტიაა გაერთიანებული, ოფისისთვის საკმაოდ დიდი ფართი გვჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით, მათ შორის საქართველოს ფოსტის შენობაში, თუმცა, ფართის ქირაობაზე უარი გვითხრეს.
_ თქვენი პარტია რა აქტივობებს ახორციელებს ამ ეტაპზე?
_ ჩვენ ვიყავით ხალხში გასულები და რაც მოთხოვნა იყო, ინტენსიურად ვაკეთებდით. ვგულისხმობ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს.
_ ხელმოწერების შეგროვება აქტივობად მიგაჩნიათ?
_ ამ ეტაპზე აქტივობად მიმაჩნია. ეს სამუშაო პროცესია, რადგან ეს არის ხალხთან მისვლა და მათი აზრის გაგებაც.
_ რამდენი ხელმოწერა შეგროვდა ჩოხატაურში?
_ 3 500 ხელმოწერა შეგროვდა სულ.
_ ბატონო გოჩა, ფიქრობთ რომ არჩევნებს იმ სახეებით მოიგებთ, როგორითაც დღეს ხართ წარმოდგენილები? თუ გავითვალისწინებთ გასულ არჩევნებს, ოპოზიციური პარტიების მიერ აღებულ ხმებს და ხელისუფლებასთან გარიგებებს, რატომ უნდა გენდონ ისევ?
_ ვის გულისხმობთ?
_ დაკონკრეტებას ამ ეტაპზე მოვერიდებით, თუმცა, გეტყვით, რომ “ქართული ოცნებაში”, ჩოხატაურს ვგულისხმობთ, ის ადამიანები არიან, რომლებსაც სხვადასხვა პარტიები აქვთ გამოცვლილი, თავის დროზე “ნაციონალებს” “შეეკრნენ” და მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების საშუალება მისცეს…
_ თქვენ ჩემგან იღებთ ინტერვიუს და ისეთ ფაქტებზე მესაუბრებით, რომლებიც ჩემში იწვევს ეჭვს და მე ეს არ ვიცი. თუ კონკრეტულად ჩემზე საუბრობთ, ესეც მითხარით და თუ სხვებს გულისხმობთ, ისინიც დაასახელეთ. რაც შეეხება ამ სახეებით არჩევნების მოგებას, გეტყვით, რომ არჩევნებს ხალხი იგებს. მე ბევრი ისეთი სახე მინახავს, რომლებიც ხალხის სახელით საუბრობდა, თუმცა, ისინი მხოლოდ სახეებად დარჩნენ, ხოლო ხალხის მდგომარეობა არ შეცვლილა. არჩევნები უნდა მოიგონ არა სახეებმა, არამედ ხალხმა.
_ თქვენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ სოფელში წააგეთ არჩევნები. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, სათქმელს უშუალოდ მათ დავუტოვებთ. შესაბამისად, ისევ თქვენი მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, თუ ერთხელ წააგეთ, ახლა რატომ ფიქრობთ რომ ხალხი მხარს დაგიჭერთ?
_ მე არჩევნები არ წამიგია. არჩევნები ხალხმა წააგო და ამას თავადაც ხვდებიან. თუ ჩემს პირად წაგებაზეა საუბარი, გეტყვით, რომ გამოყენებული იყო ყველანაირი სიბინძურე. უფრო მეტიც, სწორედ ჩემს სოფელში, დაბლაციხეში, გაყალბდა საარჩევნო უბნის ოქმი და თქვენ ეს ამბავი კარგად უნდა იცოდეთ. როგორც მახსოვს, ამის შესახებ თქვენ დაწერეთ საჩივარი. ის ქალბატონი კი, რომელმაც ოქმი გააყალბა და რომელსაც ვითომ საქმე აღუძრეს, დღეს ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ აიპ-შია დასაქმებული. კარგად ვიცი, რომ 15 000 ლარის ოდენობით თანხა დარიგდა მოსახლეობაში. ეს თანხა სოფლის პროექტების თანხას მოაკლდა. დღეს რომ ე.წ. ხელისუფლება ბინძურ ფულზე საუბრობს და იმ ადამიანზე უშვერს თითს, ვინც მართლა ყველაზე დიდი ამაგი გაუწია საქართველოს და ქართველ ხალხს და იძახიან, რომ ეს რუსული და შავი ფულია, თავიანთ “სიშავეს” რატომ ივიწყებენ? ნიკოლაიშვილმა რომ რამდენიმე მილიონი ჩამოიტანა საარჩევნოდ გურიაში, რას მოხმარდა? აი, ის იყო შავი ფული, რომელიც კარდაკარ არიგეს ხმების საყიდლად. ცუდი ჩვევა გვაქვს ქართველებს, ადვილად ვიყიდებით _ 20, 30 ლარი ღირს ერთი ხმა და მერე ვირტყამთ თავში ხელს, როცა ეს ფული მთავრდება, სულ რამდენიმე დღეში. მერამდენე წელია ეს ხელისუფლება ატყუებს ხალხს და ტყუილი დაპირებებით კვებავს? ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა დადგეს დრო, რომ მივხვდეთ, რას ვყიდით.
_ თქვენ ტყუილ დაპირებებს არ იძლევით?
_ არა, _ აღნიშნა ჯიქიამ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ახალი მემარჯვენეების” ოფისს ვერსად მივაკვლიეთ. ვერც პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელს, გელა ლომინეიშვილს დავუკავშირდით, ამიტომ, პარტიის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორს, გოგა ასათიანს შევეხმიანეთ.
_ ბატონო გოგა, ვეძებთ თქვენი პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გელა ლომინეიშვილს, რომელსაც არ აქვს ოფისი, გამოცვლილი აქვს ტელეფონის ნომერი.
_ ტელეფონის ნომერს გეტყვით. რაიონული ოფისი, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. მხოლოდ რეგიონულებია და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან ყველა რაიონში გვექნება ოფისი, მაგრამ ახლა ოფისის არქონის გამო ნუ დაგვძრახავთ.
_ გელა ლომინეიშვილს აქვს საპროექტო ფირმა და როგორც ჩვენს ხელთ არსებული რამდენიმე ათეული დოკუმენტიდან ირკვევა, ხელისუფლება სწორედ მას უკვეთავს პროექტებს. საინტერესოა, როდესაც ადამიანი ოპოზიციაშია, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ მას რატომ უკვეთავს სამუშაოებს?
_ მე არ ვიცი, საპროექტო სამუშაოებს უკვეთავს თუ არა მას ხელისუფლება, მაგრამ მინდა მოგილოცოთ _ ძალიან სერიოზულ რაღაცას მიაგენით. ამით კიდევ ერთი დასტური გექნებათ, რომ “ახალი მემარჯვენეები” შეკრულები ვართ ხელისუფლებასთან.
_ მე არ გეუბნებით რომ შეკრულები ხართ. კითხვას ვსვამთ დოკუმენტების საფუძველზე.
_ გასაგებია. ჩემგან, გოგა ასათიანისგან პასუხად შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მოგილოცეთ _ თქვენი ჟურნალისტური გამოძიებით კიდევ ერთი დასტური მოიპოვეთ, რომ “ახალი მემარჯვენეები” “შეკრულები” ვართ ხელისუფლებასთან, _ გვითხრა ასათიანმა და პირობა მოგვცა, რომ ლომინეიშვილი თავად დაგვიკავშირდებოდა.
ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში გელა ლომინეიშვილი დაგვიკავშირდა. მისი თქმით, პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ ხელისუფლებასთან არანაირი ხელშეკრულება არ დაუდია:
_ ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც მე არც პოლიტიკურად ვაქტიურობდი და არც პარტიაში ვიყავი, _ აღნიშნა ლომინეიშვილმა.
მისივე თქმით, პარტია ჩოხატაურში ახლა ყალიბდება და ჯერ პოლიტიკურად არ გააქტიურებულან.
_ ბატონო გელა, ახლა რამდენი წევრია თქვენს პარტიაში?
_ მე თბილისში ვიმყოფები და როცა ჩამოვალ, ყველაფერს გეტყვით, _ გვითხრა ლომინეიშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერ თავადაც უხელფასოდ მუშაობს.