“გურიის თავისუფალმა დემოკრატებმა” გასული კვირის პარასკევს ადგილობრივ ჟურნალისტებს თავისი განცხადება გააცნეს. ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის თემურ სალუქვაძის თქმით, გურიაში ვერცერთი პროექტი ან ფონდი ვერ გადაფარავს თავისუფლებისა და დემოკრატიის წყურვილს. ისინი აპროტესტებენ, მათი თქმით, ოზურგეთსა და მთლიანად გურიაში ბოლო პერიოდში რამაზ ნიკოლაიშვილის პიროვნული კონტროლის გაძლიერებას, რაც პირდაპირ უკავშირდება არჩევნების მოახლოებას: _ ნიკოლაიშვილის კონტროლის სფერო ვრცელდება არა მარტო პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განათლების სფეროსა თუ სხვა საჯარო სამსახურებზე, არამედ, გადავიდა კერძო სექტორშიც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი ტოტალური კონტროლი წარმოადგენს უკიდურესად არასასურველ და საშიშ გარემოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის
“თავისუფალი დემოკრატების” სახელით პირდაპირ მინდა ვუთხრა ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს: თავი დაანებოს გურულების დაშინებას, რადგან ამით არაფერი გამოუვა და ეს ყველაფერი მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. თქვენ, თქვენი გარემოცვის ძალისხმევით, არასწორი შეხედულება გაგაჩნიათ გურიასა და გურულობის მიმართ. რეალურად, რომ იცოდეთ გურულების დამოკიდებულება, ასეთი ქმედებებისაგან თავს შეიკავებდით.
ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების გაერთიანებამ, რასაც მოჰყვა ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში, ხელისუფლება ჰიპერაქტიური გახადა და ეს ტემპიც ამითაა გამოწვეული. ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს, გურიაზე მზრუნველობის სურვილის გაჩენაც ამას უკავშირდება, რასაც მოსახლეობა ბრწყინვალედ ხვდება.
ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვაცხადებთ, რომ გურიაში ვერცერთი პროექტი ან ფონდი ვერ გადაფარავს თავისუფლებისა და დემოკრატიის წყურვილს, _ თქვა თემურ სალუქვაძემ.
თემურ სალუქვაძის თქმით, რამაზ ნიკოლაიშვილი ხშირად მართავს გურიაში სხვადასხვა შეხვედრებს: _ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ურეკში რამდენიმე დღის წინ, რამაზ ნიკოლაიშვილი შეხვდა სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს. შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ “ვინმემ არც გაბედოს და გუნებაში არ გაივლოს “ქართული ოცნების” არსებობა და ვინმემ არც გაიფიქროს, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” წააგებს არჩევნებს. თუ ვინმე არ გაითვალისწინებს ამ ნათქვამს, მას რამაზ ნიკოლაიშვილთან ექნება საქმე.