3 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე იმყოფებოდა. ბაქრაძის სტუმრობის შესახებ, სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით "გურია ნიუსისთვის" არავის შეუტყობინებია. ამ ბოლო დროს, ადგილობრივ ხელისუფლებას მაღალი რანგის ჩინოვნიკების სტუმრობის დამალვა ჩვენი გაზეთისთვის წესად ექცა, რასაც ვერ ვიტყვით ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა წიგნის პრეზენტაცია, გამგებლის თუ საკრებულოს თავმჯდომარის საპიარო ვოიაჟი რომელიმე სოფელში და ა.შ.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ ჩვენ ჩვენი წყაროსგან მაშინ გავიგეთ, როდესაც ბაქრაძე სამრევლო სკოლის დარბაზში ადგილობრივ ჩინოვნიკებს ხვდებოდა. იქ მისულებს ადგილობრივმა პოლიციამ კარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვიკეტა. ჩვენებურმა ჩინოვნიკებმა კი, რომლებიც სკოლის ფოიეში ბაასით იყვნენ გართულები, მხრები აიჩეჩეს _ აქაოდა, ჩვენ არაფერი გვეკითხებაო.
მაშინ, როცა შენობაში არშეშვების მიზეზებს ვიკვლევდით, ბაქრაძის დაცვამ იმ კადრების წაშლა გვთხოვა, რომელშიც თავად მოხვდა.
მოგვიანებით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაკა გიგაური გაგვესაუბრა და აღნიშნა, რომ "გურია ნიუსი" შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ პარლამენტში აკრედიტირებულ ჩვენს ჟურნალისტს აღნიშნულ სამსახურთან აქტიური ურთიერთობა არ აქვს და მას ჩვენი კოორდინატები არ გააჩნდა.
მართალია, ჩვენი კოორდინატები ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურს ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მათ ჩვენი გაფრთხილება საჭიროდ არ ჩათვალეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას გიგაურმა არც კი იცოდა, რომ ჩოხატაურის ხელისუფლებას პრესსამსახური ჰყავს, თანაც ორი _ ერთი საკრებულოს, მეორე კი გამგეობას (სხვა თემაა, რას აკეთებენ ეს ადამიანები და რისთვის იღებენ ხელფასებსა და პრემიებს. ამ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით).
_ თქვენ რომ შეხვედრაზე არ იყავით, კომუნიკაციის ბრალია. ჩვენთან ვინც არის პარლამენტში აკრედიტირებული, ის მოიკოჭლებს, ეტყობა. იმან უნდა იცოდეს ჩემი და ჩვენი დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი, იმიტომ რომ ჩვენ სულ კონტაქტზე ვართ. არ არსებობს ჩვენთვის პრესის და მედიის საშუალება, რომ არ ვეკონტაქტებოდეთ, _ გვითხრა გიგაურმა.
_ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო ამ შეხვედრის შესახებ შეეტყობინებინა?
_ არ ვიცი. ადგილობრივ ხელისუფლებას პრესსამსახური ჰყავს?
_ კი, თანაც ორი.
_ მათაც ნუ დააბრალებთ, იმიტომ, რომ თავმჯდომარის ვიზიტია და ამ შემთხვევაში მაინც ჩვენ ვაფრთხილებთ ჟურნალისტებს. ინფორმაციას ფარცხმაში გამართული შეხვედრის შესახებ, თუ გინდათ, მოგცემთ. აქ კი ვერ დაგიშვებთ, რადგან ჩვეულებრივი, სამუშაო შეხვედრაა. აქ არც ერთი ჟურნალისტი არ არის ("ნაციონალებთან" საჩურჩულოდ ჩამოვიდა?!. რედ).
გიგაურის მტკიცებით, ბაქრაძის სტუმრობის შესახებ, რომელიც სოფელ ფარცხმის მოსახლეობას შეხვდა, ადგილობრივები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა, ეს ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ სტატიის ავტორი და ოპერატორიც (დავით ჩხიკვაძე) ფარცხმაში ვცხოვრობთ და არც ჩვენთვის და არც ჩვენი მეზობლებისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობის შესახებ არავის არაფერი უთქვამს.
გიგაურის განმარტებით, ბაქრაძე ფარცხმელებს, რიგითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრას 80-100 ადამიანი ესწრებოდა და იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
_ პარლამენტის თავმჯდომარე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ეს არის მისი ჩვეული სამუშაო რეჟიმი. შეირჩა ეს რეგიონი, სოფელი ფარცხმა, ზემო ფარცხმა. მოსახლეობა, დაახლოებით, 80-100 კაცამდე იყო. ვისაც სურვილი ჰქონდა, რა თქმა უნდა. ეს იყო შეხვედრა ღია ცის ქვეშ და ვისაც სურვილი აქვს, მოდის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ესაუბრება. ნებისმიერ რეგიონში ასეა, _ გვითხრა გიგაურმა.
_ მეც ფარცხმელი ვარ და ოპერატორიც, თუმცა, არც ჩვენთვის და არც ჩვენი მეზობლებისთვის, არავის არაფერი არ შეუტყობინებია.
_ მე გეუბნებით, რომ სადღაც 80-100 ადამიანი იქ იყო. დანარჩენს მე ვერაფერს ვერ გეტყვით, _ დასძინა გიგაურმა.
როგორც გავიგეთ, პარასკევს, ჩოხატაურის საკრებულოს წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან შესახვედრად 3 თებერვალს, 1 საათისთვის სამრევლო სკოლის დარბაზში დაიბარეს, თუმცა, როგორც გვითხრეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს 3 თებერვალს ეს შეხვედრა გაუუქმეს:
_ ჯერ დამირეკეს და მითხრეს, რომ 3-ში, პირველ საათზე, შეხვედრაზე მივსულიყავი. დღეს კი (საუბარი ჩაწერილია 3 თებერვალს) დამირეკეს და თქვეს, რომ შეცდომა იყო და ბაქრაძე მხოლოდ ნაციონალ დეპუტატებს შეხვდებოდა, _ გვითხრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ვახტანგ გაჩეჩილაძემ.
ანალოგიური კომენტარი გააკეთა ჩვენს გაზეთთან საუბრისას კიდევ ერთმა დეპუტატმა, დავით შარაშიძემ:
_ თავიდან მითხრეს, შეხვედრაზე მივსულიყავი, შემდეგ კი დამირეკეს და მაცნობეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ ნაციონალებს ხვდებოდა.