ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და ტერიტორიის ზონირება გასული კვირის ოთხშაბათს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაადგინა. 2011 წლის 18 იანვრის დადგენილება ძალადაკარგულად ახალი დადგენილების ამოქმედებისთანავე გამოცხადდება.
ქალაქ ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი 52 თეთრით განისაზღვრა. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი კი _ 1.20 ლარით. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ლარებში ასე გამოიყურება _ 5.9904 ლარი. ქალაქის შუალედურ ზონაში ლოკალური ინდექსი 80 თეთრია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი _ 24 თეთრი, ნორმატიული ფასი კი 1.9968 ლარით განისაზღვრა.
ქალაქის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი 1.7471 ლარი იქნება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსი კი 70 თეთრი. ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქის ცენტრალურ ზონაში 40-ით, ხოლო შუალედურ და პერიფერიულ ზონაში 20-ით განისაზღვრა.
“საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის #968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისთვის მიწის ნორმატიული ფასი, ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 11-ჯერ მეტი ოდენობით განისაზღვრა და 21.9648 ლარს შეადგენს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ “გურია ნიუსს” განუმარტა, მიწის ფასები ოზურგეთში არ გაზრდილა:
_ საკრებულო ვალდებულია, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ყოველი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის ვადაში, მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვროს, _ თქვა თავაძემ.