ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს ხელფასები 1 თებერვლიდან გაეზარდათ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ კობა ხაბალაშვილმა განმარტა, სოფლის რწმუნებულის ხელფასების ზრდა საქართველოს პრეზიდენტის #70 ბრძანებულების საფუძველზე გახორციელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 29 ტერიტორიულ ერთეულში 29 რწმუნებული და 91 მთავარი სპეციალისტია დასაქმებული. იმისთვის, რომ მათ გაზრდილი ხელფასები მიიღონ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილება 1 თებერვალს შეიტანა.
თუ მანამდე სოფლის რწმუნებულის ხელფასი 420 ლარით იყო განსაზღვრული, მიმდინარე თვიდან ისინი 700 ლარს მიიღებენ; ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტებს 200 ლარი ჰქონდათ ხელფასი, თებერვლის ბოლოდან კი 250 ლარს მიიღებენ.
რწმუნებულების ხელფასის მომატებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან, გასულ წელთან შედარებით, 140 000 ლარით მეტი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და სოფლის რწმუნებულებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ არჩევნების მოგებაში.
სავარაუდოდ, ხელისუფლება ხელფასის ზრდის საფუძველზე, მის ქვეშევრდომებს წინასაარჩევნოდ უფრო მეტ დავალებებს მისცემს. სანამ ხელფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდებოდა, მანამ “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ბრიფინგი გამართა. მაშინ თემურ სალუქვაძემ თქვა: “საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ხშირად მართავს გურიაში სხვადასხვა შეხვედრებს. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ურეკში რამდენიმე დღის წინ, ნიკოლაიშვილი შეხვდა სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს. შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ “ვინმემ არც გაბედოს და გუნებაში არ გაივლოს “ქართული ოცნების” არსებობა და ვინმემ არც გაიფიქროს, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” წააგებს არჩევნებს”.