გასულ კვირას, “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ მორიგ პრესკონფერენციაზე დაბა ლაითურის მცხოვრებლების ერთი ნაწილი მოვიდა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.
_ ლაითური ეს არის მშრომელი ადამიანებით დასახლებული დაბა, სადაც ადრე მეჩაიეობა იყო განვითარებული. ჩამოსული სტუმრები სწორედ ლაითურში მიჰყავდათ; ახლა კი, ხელისუფლებას არ სურს, ელემენტარული პრობლემები გადაუჭრას მოსახლეობას. შეგვიძლია გავიხსენოთ 2010 წლის არჩევნები, რომლის შედეგებზე იყო დამოკიდებული ლაითურელი რ.ბ.-ძის პატიმრობიდან გათავისუფლება, თუმცა ეს ვერ მოახერხეს და შემდეგ, ეს ადამიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაათავისუფლა, _ თქვა შეხვედრაზე “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივმა ლიდერმა თემურ სალუქვაძემ.
ლევან დუმბაძე, “თავისუფალი დემოკრატების” ლაითურის ჯგუფის ხელმძღვანელი: _ ლაითურში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის გადაჭრას ხელისუფლება ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. 2003 წლის შემდეგ, ლაითურში საერთოდ არაფერია გაკეთებული. გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვან, თუ რა გააკეთეს. ლაითურში ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან დიდია და, ამას ვაცხადებ პირდაპირ, მხოლოდ გაყალბებით ახერხებენ არჩევნების მოგებას. მუშაობენ პატიმრებზე; ამჟამად ორ პატიმარზე მიმდინარეობს “მუშაობა”, რომელიც პირდაპირ სამარცხვინო ვაჭრობაა და არაფერი აქვს საერთო სამართლიან არჩევნებთან.
სოფელს უგზოობა აწუხებს _ გზები არც ნარუჯის მხრიდან ვარგა და არც მერიიდან. ხდება მიწების პრივატიზაციის გარეშე გაყიდვა; 2007 წელს ფარულად ჩატარდა აუქციონი, რომლითაც “გეოპლანტს” 10 თეთრად მიყიდეს მიწები; თუკი შეიძლებოდა მიწების პრივატიზაცია, რატომ არ შეიძლებოდა თავად ლაითურელებს შეეძინათ და ყველას ჰქონოდა მიწა საკუთრებაში?! მერიის რკინიგზის სადგური რვა სოფელს ემსახურება, მათ შორის, დაბა ლაითურსაც. ორი თვეა, რა ჩვენთან ბილეთების გაყიდვა აკრძალეს, არადა, ასე ძნელია ერთი მოლარე ამდენ სოფელს ემსახურებოდეს?
ძალიან ცუდი მდგომარეობაა ინფორმაციის მიღების მხრივ; ობიექტური პრესის გავრცელებას ხელს უშლიან და იძულებული ვართ, გაზეთის საყიდლად ქალაქში ჩამოვიდეთ.
უმძიმესი მდგომარეობაა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის თვალსაზრისით; თანხები არის გამოყოფილი, მაგრამ უაზროდ იხარჯება, მაგალითად, უვარგისი სტადიონების გასაკეთებლად. ყოფილი ავტოფარეხის ტერიტორიაზე სტადიონი გაკეთდა და ამისთვის 20 000 ლარი დაიხარჯა. ჩამობრძანდით, ნახეთ, რა არის გაკეთებული. თუ კი ამ თანხებით შესრულებული სამუშაოების შემოწმება არ მოხდება, პროცესი კვლავ გაგრძელდება. 2006 წლის შემდეგ, ჩაის არცერთი ფოთოლი არ მოკრეფილა. სოფელში, სადაც ჩაის ორი ფაბრიკა მუშაობდა, ახლა ყველაფერი ნულზეა დასული, ხოლო ჩაის ფაბრიკის ადგილზე, სტადიონი გააკეთეს.
_ ბატონო ლევან, რა ინფორმაცია გაქვთ ლაითურის ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით?
_ რამდენი წელია, შენდება, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ პიარია?! ოთხი წელია “აშენებენ” , თუმცა, მხოლოდ მაშინ, როგორც კი არჩევნები იწყება; მე, არ მივესალმები _ 900 ტონა “არმატურა” არის დახარჯული და შენობა ჯერ მიწას არ ასცდენია.