ხელისუფლება წინასაარჩევნო წელს განსაკუთრებულად აქტიურობს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ციხის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება. მშენებლობისთვის საჭირო თანხა _ 60 მილიონი ევრო, საქართველოს მთავრობამ სესხად ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან აიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ციხე აშენდება ევროპული ციხის წესებისა (EPR) და ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (CPT) სტანდარტების შესაბამისად. ციხე 2 000 პატიმარზეა გათვლილი და პროექტის თანახმად, მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან.
ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე კონკრეტული თანხა, რომელიც ამ კუთხით დაიხარჯება, არ სახელდება, თუმცა, როგორც გვითხრეს, ეს ციფრები რამდენიმე მილიონს აჭარბებს.