ბოლო დროს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩვენთან ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადავიდა _ არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც კანონის თანახმად საკრებულოს დაქვემდებარებაში არიან და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ნებისმიერი საკითხის გასარკვევად, რომელიც მათ ეხებათ, გამგეობის პრესსამსახურთან გვამისამართებენ. საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის, მაია მელუას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რაოდენობის დადგენა გვსურს, გამგეობის პრესსამსახურს უნდა მივმართოთ(?!). ამ უკანასკნელს, თურმე, მაშინაც კი უნდა დავუკავშირდეთ, როდესაც რომელიმე სოფელში კონკრეტული ობიექტის დათვალიერება გვინდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებიან სოფლის რწმუნებულები.
ამ ყველაფერს კი, გასულ კვირას “ახალი წესები” დაემატა _ ჩვენს ჟურნალისტებს თანამდებობის პირთა კომენტარების მოსაპოვებლად რიგი ბარიერების გადალახვა უწევთ. გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჩიგოგიძის თქმით, შეკითხვები წერილობითი ფორმით უნდა მივაწოდოთ. უფრო მეტიც, ჩიგოგიძემ სოციალური სამსახურის უფროსისთვის განკუთვნილი შეკითხვების წერილობითი დასმა, ოფიციალური ფორმით, გამგებლის სახელზე (?!) მოითხოვა. ჩვენს კითხვას, რის საფუძველზე ითხოვს შეკითხვების დასმას წერილობით, ჩიგოგიძემ პასუხი ვერ გასცა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საჯარო დაწესებულება მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეგვიშალოს მუშაობაში და თუნდაც ჩაკითხვის საშუალება არ მოგვცეს, რაც ბევრ შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს. იურისტების და მედიაექსპერტების აზრით, ამგვარი მიდგომა არასწორია:
_ ინტერვიუს მიცემა არ არის საჯარო ინფორმაციის გაცემის კლასიკური ჩარჩო. ამიტომ გაურკვეველია, რატომ ავრცელებს ადგილობრივი წარმომადგენლობა ინტერვიუს გაცემაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს _ წერილობით მიმართვას და პასუხის ლოდინის რეჟიმს. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ერთგვარ ბარიერს ქმნის მასსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. თუკი მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული ზოგადი წესები მედიასთან ურთიერთობისათვის და ვერ გითითებთ კონკრეტულ აქტს, რომელიც გულისხმობს მსგავს რეგულაციას _ ცალსახაა, რომ არაგონივრულ ვადებში ინტერვიუს შეთანხმება, როგორც მინიმუმ, ღიაობის პრინციპს ეწინააღმდეგება, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნათია კაპანაძე.
ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი მიიჩნევს, რომ სამთავრობო უწყებები ჟურნალისტებთან ღია უნდა იყვნენ:
_ კანონდარღვევა არ არის, როდესაც პრესსამსახურები სთხოვენ ჟურნალისტებს, კითხვები წერილობით გამოაგზავნონ და ამ კითხვებით ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მიმართონ, თუმცა, ეს კარგი პრაქტიკა ნამდვილად არ არის. სამთავრობო უწყებები ღია უნდა იყვნენ ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად მოქალაქეებთან სათანამშრომლოდ. მთავრობა სწორედ ამ ხალხს უნდა ემსახურებოდეს და თუ ჟურნალისტს ან მოქალაქეს რაიმე აინტერესებთ, სამთავრობო სტრუქტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. რასაკვირველია, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ მმართველს შეუძლია, დაუყოვნებლივ უპასუხოს რეპორტიორის შეკითხვას, ან შესაძლოა, პასუხის გასაცემად ერთი საათი ან სულაც, რამდენიმე დღე დაჭირდეს ინფორმაციის შესაგროვებლად. თუმცა, არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც უბრალოდ ტექნიკური ხასიათისაა და, რომელსაც სწორედაც პრესსამსახურის წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ. ამ ადამიანების უშუალო მოვალეობაა სამთავრობო ორგანიზაცია პრესასთან და საზოგადოებასთან წარადგინონ, _ ამბობს “გურია ნიუსთან” მათიას ჰუტერი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” მედიაპროგრამის ხელმძღვანელი და ანალიტიკოსი.
მედია ექსპერტი ია ანთაძე კი ამბობს, რომ პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეა: _ ჟურნალისტი იტყვის, რომ ხელი ეშლება მუშაობაში, ჩინოვნიკი კი იტყვის, რომ მას ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის გარკვეული წესი სჭირდება. ხშირად ისე ხდება, რომ საერთოდ ვერ მიიღებ კომენტარს და ვერც პასუხს, თუნდაც, წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაზე. რამდენადაც ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, მით მეტად ადვილია საჯარო ინფორმაციის (მათ შორის, კომენტარის) მიღება, და _ პირიქით. ჩვენი პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეა და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩინოვნიკები მეტად ანგარიშვალდებულები გახდნენ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, _ აღნიშნავს ანთაძე ჩვენთან საუბრისას.
ამ ფორმით მუშაობა ძალიან რთულია, ამიტომ, “გურია ნიუსის” ჩოხატაურის განყოფილების ჟურნალისტები, უკვე წერილობით, საჯაროდ მივმართავთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საჯარო მოხელეებს: თუკი ეს წესები ისევ გაგრძელდება, ჩვენ პროტესტის ნიშნად ხელისუფლების არც ერთ აქტივობას აღარ გავაშუქებთ, რადგან წერილობანა, რომელსაც გამგეობა ითხოვს, ოპერატიულ მუშაობაში ხელს გვიშლის და მასალების დროულად მომზადებას ვერ ვასწრებთ.