პარასკევს, ლანჩხუთის “გურია” საწვრთნელი-მოსამზადებელი მზადების გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა _ გუნდი გრიგოლეთში გაემგზავრა, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის. “გურიის” ახალწვეულები არიან: მირზა მერლანი, დავით ბაქრაძე და გია თოდუა გორის “დილადან”, ზვიად ჩხეტიანი _ “გაგრადან”, დემურ სამშეიშვილი _ “ბათუმიდან”, დავით მაისაშვილი _ “ვიტ ჯორჯიადან”, მალიჩავა _ ზუგდიდის “ბაიადან”, თორნიკე მოსიაშვილი _ “ზოოვეტიდან”, თამაზ ჩარგეიშვილი და ანო ჩასემი _ “ნორჩი დინამოდან”, ალექსანდრე ლაღაძე _ სტუ-დან, ლაშა ჯანგიძე თურქეთის, ხოლო ერეკლე კილაძე ფინეთის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ. გუნდი გრიგოლეთში რამდენიმე ტესტ-მატჩსაც გამართავს.
მანამდე, ჩვენებურებმა ჭიათურის “მაღაროელთან” წააგეს. შეხვედრაში გიგლა იმნაძემ ექსპერიმენტული შემდაგენლობა გამოსცადა. მანამდე მის შეგირდებს არ წაეგოთ _ ბოლოს, ურეკში ჩვენებურები სომხურ “ულისეს” 0:0 დაუზავდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სომხეთის ჩემპიონებმა ორივე ტაიმი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა, გურულთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხეს. ამ მატჩამდე გურულებმა 4 თამაში მოიგეს _ გრიგოლეთში, ფოთის “კოლხეთთან” _ 2:0, ზუგდიდში “ბაიასთან” _ 2:1, ოზურგეთსა და ურეკში “მერცხალთან” _ 4:1 და 2:0, და 3 შეხვედრა დაასრულეს ფრედ _ “ულისეს” გარდა, ლანჩხუთელები ურეკში “მერცხალსა” და ბათუმის “დინამოს” დაუზავდნენ (ორივეჯერ _ 1:1).
რაც შეეხება შემადგენლობას, ბოლო დღეებში “გურიაში” გამოცდილი მეკარე გადმოვიდა _ მირზა მერლანმა გორის “დილა” მას შემდეგ დატოვა, რაც ქართლელებმა ხორვატი მეკარე დაიმატეს. კლუბის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მერლანი “გურიის” ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ “გურიამ” საუმაღლესლიგო პლეი-ოფში თამაშის უფლება ვადამდე გაინაღდა და კლუბის მიზანს ელიტლიგაში გადასვლა წარმოადგენს. სულ მალე დაიწყება “გურიის” სტადიონის სარეაბილიტაციო პროექტი, რის შესახებაც მორიგი განცხადება გასული კვირის ბოლოს უკვე გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე აღნიშნული ინიციატივით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გამოვიდა, რომელსაც თავის მხრივ, გურიის აღორძინების ფონდის ხელმძღვანელობა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დაავალა.