სასუქების და შხამქიმიკატების სიძვირე იძულებულს ხდის სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს, სულ უფრო ხშირად მიმართონ ადგილობრივ ნედლეულს. ამ ნედლეულთა შორის ნაცარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
იგი ძვირფასი მინერალური სასუქია, რომელიც მიიღება სხვადასხვა ორგანული ნივთიერების წვით. შეიცავს, როგორც ძირითად მაკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი), ასევე მიკროელემენტებსაც (რკინა, ბორი, სპილენძი). იგი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც კალიუმიანი სასუქი და ნიადაგში შეიტანება 5-10 ცენტნერი ჰექტარზე. ნაცარში კალიუმის შემცველობა 10-დან 30 პროცენტამდე მერყეობს, ხოლო კალციუმის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში, აღემატება კალიუმის შემცველობას და იგი მჟავე ნიადაგების ნეიტრალიზაციისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.
ნაცარში საკვები ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საწვავიდანაა ის მიღებული. უფრო ძვირფასია მინდვრის კულტურების ნაცარი, ნაკლებ ძვირფასია მერქნის და კიდევ უფრო ნაკლები _ ტორფის, ნაკელის, ქვანახშირის ნაცარი. ნაცარში არ არის ქლორი, ამიტომ ის ცვლის კალიუმიანი სასუქების გამოყენებას ისეთი კულტურების განოყიერების დროს, რომლებიც ვერ ეგუებიან სასუქში ქლორის შემცველობას. მაგალითად: კარტოფილი, თამბაქო, კიტრი, სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი.
ყვავილობის პერიოდში ნაცრის გამოყენებაზე კარგად რეაგირებენ ყაბაყი, გოგრა და პამიდორი. ნაცარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭარხლის კულტურისთვის. ნაცრის გამოყენება შეიძლება ყველანაირ ნიადაგებზე, გარდა მომლაშო ნიადაგებისა. ნაცრის გამოყენების ეფექტურობა იზრდება მისი ნაკელთან, ტორფთან და ნეშომპალასთან ერთად შეტანის დროს.
წვიმის წყლის მოქმედებით, ნაცარში შემავალი კალიუმის მარილი იხსნება და ირეცხება. ამიტომ, საჭიროა ნაცრის შენახვა დახურულ და მშრალ ფარდულში.
გაზაფხულზე მინდვრად ნაცრის გატანა დასავლეთ საქართველოში საჭიროა ფარცხვის წინ. ის მინდვრად თანაბრად უნდა მოიბნიოს.
სოფელსა და ქალაქში მცხოვრებნი დიდი რაოდენობით წვავენ ხის ტოტებს და ფოთლებს. გირჩევთ, ეს ნაცარი გამოიყენოთ თქვენს ნაკვეთში, რაც ხეხილს და ბოსტნეულის მოსავალს საგრძნობლად გაზრდის.