ფოთის მე-7 სკოლის დარაჯი, ზურაბ თავართქილაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით, კერძოდ კი, ივანიშვილის პოლიტიკური გამოცემის _ "ქართული ოცნების" სკოლის შენობაში წაკითხვისთვის გაათავისუფლეს. როგორც "გურია ნიუსს", ზურაბ თავართქილაძემ უთხრა, სკოლის მანდატურების ხელმძღვანელმა, მას შემდეგ, რაც გაზეთი "ქართული ოცნება" აღმოუჩინა, ოქმი შეადგინა შინაარსით, რომ ის სკოლაში პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდა.
ფოთის მე-7 სკოლის დირექტორი, ჭაბუკ ქოიავა სკოლის დარაჯის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას უარყოფს. როგორც დირექტორმა გვითხრა, იყო შემთხვევა, როდესაც ზურაბ თავართქილაძეს აღმოაჩნდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის გაზეთი, თუმცა, ეს ფაქტი მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გამხდარა.
ქოიავას განცხადებით, თავართქილაძე სათანადოდ არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ის გაათავისუფლეს.