3 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მაყურებელს რამდენიმე სიურპრიზი შესთავაზეს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა, თავიანთი თავი სხვა კუთხით წარმოაჩინეს. გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, გოჩა გათაშვილი სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე; იმღერა კულტურის ცენტრის სპეციალისტმა, ვერიკო გოგოლაძემ, რომელიც პირველად იდგა სცენაზე პარტნიორის გარეშე. ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის მგალობელის, ნოდარიკო ცინცაძის და კულტურის ცენტრის თანამშრომლის, გუგა ანთაძის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ბევრი აპლოდისმენტი დაიმსახურა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტის, გოგი ბოლქვაძის სიმღერა, მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა ჩოხატაურელი მაყურებლისთვის. ჩანაფიქრმა გაამართლა. ღონისძიებით, რომელსაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის ხელისუფლების სრული შემადგენლობა ესწრებოდა, ყველა კმაყოფილი დარჩა.