ლანჩხუთელი ოპოზიციონერის ელგუჯა ჩხაიძის წინა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა 7 მარტს გაიმართა _ “თავისუფალი დემოკრატების” საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს უკანონოდ იარაღის შენახვაში ედავებიან. როგორც მკითხველმა იცის, ეს ისტორია 2012 წლის დასაწყისში მოხდა, რომელსაც კიდევ ერთი კურიოზული ამბავიც უკავშირდება _ როდესაც სამართალდამცავებმა ელგუჯა ჩხაიძის სახლის ჩხრეკა დაიწყეს, ავტომატის მჭიდი ქათმის ბუდიდან ამოიღეს, რის შემდეგაც ასეთი ხუმრობაც გავრცელდა _ გურიაში ქათმებმა კვერცხის მაგივრად მჭიდების დადება დაიწყესო.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ შემდეგი სასამართლო პროცესი, სადაც მოხდება საქმის არსებითი განხილვა და მოწმეების დაკითხვა, 16 აპრილს დანიშნა. დაცვის მხარემ შემდეგ სასამართლო პროცესებზე მოითხოვა ელგუჯა ჩხაიძის ოჯახის წევრებისა და ექსპერტის გიორგი ვასილევის დაკითხვა და შუამდგომლობა დააყენა 13 კაცის დაკითხვის თაობაზე. ამ მოთხოვნას პროკურორის, მამუკა ნადირიძის მხრიდან ასეთი განცხადება მოჰყვა: _ სიაში, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, რამდენიმე ადამიანი ელგუჯა ჩხაიძის ოჯახის წევრია და აქედან გამომდინარე, დაინტერესებული პირები არიან. ასევე, რამდენიმე ადამიანი ჩვენი მოწმეა და ჩვენ თავად წარმოვადგენთ. რაც შეეხება ექსპერტს, არც ჩვენ გვყავს ეს ადამიანი დაკითხული და არც ელგუჯა ჩხაიძის დაცვის მხარეს, _ თქვა სასამართლო დარბაზში ნადირიძემ.
პროკურორის ამ განცხადებას ელგუჯა ჩხაიძის ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი სამუშიას კითხვა მოჰყვა, ამ საქმეში დაინტერესებული პირი თავად ელგუჯა ჩხაიძეა და მაშინ ესეც არ დავკითხოთო?
მოკლედ, არც ისე დიდი მსჯელობის შემდეგ, მოსამართლე ზვიადაძემ გადაწყვეტილება მიიღო და ორივე მხარის შუამდგომლობები დააკმაყოფილა.
ელგუჯა ჩხაიძის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი სამუშია “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებისა და სასამართლოს პირობებში, არამარტო ამ საქმეს, არამედ სხვა საქმეებსაც ვერ მოიგებ: _ ელგუჯა ჩხაიძე არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოიშოროს პიროვნება, რომელიც მათ ხელს უშლის.