რამდენიმე დღის წინ, დაბა ჩოხატაურის ერთ-ერთ ოჯახში, ონკანის წყალს ქვეწარმავალი გამოჰყვა. ონკანებიდან ჭუჭყიანი, მღვრიე წყალიც ხშირად მოდის. ვარგა თუ არა სასმელად წყალი დაბა ჩოხატაურში? საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩოხატაურის ფილიალის ხელმძღვანელი, აკაკი შანიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი კვირაში ორჯერ კეთდება:
_ სასმელი წყლის ანალიზი ფოთის ლაბორატორიაში კვირაში ორჯერ კეთდება. სამწუხაროდ, ადგილზე არ გვაქვს ლაბორატორია. ჩოხატაურში გვაქვს ძველი და ახალი წყალმომარაგება. ორივე მათგანიდან ვიღებთ წყალს და პასუხიც სტანდარტების შესაბამისია. ლესელიძის ქუჩიდან მივიღეთ დაუსაბუთებელი პრეტენზიები. ამ ქუჩაზე ხვალ (საუბარი ჩაწერილია 29 თებერვალს) მიგვყავს ლაბორანტი, მისი აპარატურით. კონკრეტულად იმ ოჯახებში, რომლებსაც პრეტენზია აქვთ და მათ თვალწინ ჩავუტარებთ წყალს ანალიზს. პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც წყლის გადასახადი დაწესდა. მანამდე არავის არანაირი პრეტენზიით არ მოუმართავს.
_ ეს ბუნებრივია _ ფულს თუ ვიხდი, წყალიც ვარგისიანი უნდა მივიღოთ. წყლის გადასახადი რამდენია?
_ სულზე _ 1,77 თეთრი. ხოლო იურიდიულ პირზე მრიცხველით ხდება გადახდა _1 კბმ-ს ღირებულება 3, 37 თეთრს შეადგენს. ჩვენ ვახორციელებთ სტანდარტის დაცვას და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია გამოგვყვეს და ნახოს რა სამუშაოები ტარდება. პოლიეთილენის მილები სტანდარტის მიხედვით 1,20 მეტრზეა მიწაში ჩაფლული. ჩვენი ტექნიკური სამსახურის მიერ წყლის დაქლორვა ხდება ჩაისუბნის აუზში. ქლორიანი კირი იხსნება წყალში. ხდება დოზის მიცემა. ეს წყალი გადის სალექავს, ფილტრს და შემდეგ იღვრება აუზში, სადაც კიდევ ერთხელ ილექება. რაც შეეხება ძველ ქსელს _ ძველი ქსელი არის წყაროს წყალი, რომელიც სათავიდან მთლიანად დახურულია. გამორიცხულია, მასში რამე იყოს. იმასაც გეტყვით, რომ ახალ სათავეზე დამატებით მონტაჟდება მემბრანული ფილტრი, რომელზეც ისეთი წვრილი ბადეა, რომ ბაქტერიასაც აჩერებს. საირმეში და მესტიაში უკვე არის ასეთი რამ გაკეთებული. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო წყალი იქნება.
_ სულ რამდენი აბონენტი გყავთ?
_ 210 აბონენტი გვყავს; ამას გარდა, 32 იურიდიული პირია. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მთავარ მაგისტრალს. რაც შეეხება უშუალოდ ეზოებში შემავალ მილებს, ისინი მოსახლეობამ საკუთარი ხარჯით, ინდივიდუალურად გადაიყვანა. თუ წყალს მართლა რაიმე გამოჰყვა, ეს შეიძლება, მაგისტრალის შემდგომი პრობლემა იყოს. ზოგს გადაყვანილი აქვს ჟანგიანი მილებით და ასეთ მილებში გავლის შემდეგ წყალი შეიძლება, საკვების მოსამზადებლადაც უვარგისი იყოს. ინდივიდუალურ გადაყვანას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ახალი ქსელის მონტაჟი როგორც კი მორჩება, ყველა ეზომდე მივა ონკანი. ეზომდე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და შემდეგ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პირს, იურიდიული იქნება ეს თუ ფიზიკური. ტალახის სროლა იოლია. ონკანის მექანიზმი ვისაც დაუშლია, დამერწმუნება, მასში ვერაფერი გამოძვრება, _ გვითხრა შანიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობა იმ შეგნებამდეც უნდა მივიდეს, რომ წყალი ტყუილუბრალოდ არ დაღვაროს:
_ მოსახლეობა მთელი ზაფხული წყალს აქცევდა, მერე კი საავადმყოფოს წყალი არ ჰქონდა. ხალხი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ წყალი ტყუილად არ დაღვაროს. ამ ზამთარში გაიყინა მილები და წყალი არ ჰქონდათ, ამაზეც ითქვა პრეტენზიები. ბუნებრივ მოვლენას და სტიქიას ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით. ფაქტობრივად, შარშან იყო ბოლო წელი, როცა ყველა აბონენტს წყალი არ ჰქონდა. წელს, წყლის მიწოდება 24-საათიანი გრაფიკით იქნება. როგორც კი ახალი ქსელი სრულად გავა ექსპლუატაციაში, არანაირი პრობლემა აღარ იქნება, _ დასძინა შანიძემ, თუმცა, გაუგებარია, რატომაა გასაკვირი, თუ მოსახლეობა ზაფხულშიც და ზამთარშიც წყალს შეუზღუდავად ითხოვს _ თუ მრიცხველი დამონტაჟდება და გადასახადიც გონივრული იქნება, მოსახლეობა მომჭირნედ დახარჯავს წყალს; ხოლო სახელმწიფო და მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ყინვის, სიცხის, ავარიის, არასტანდარტული წყლის მიწოდებისას გადასახადში შეღავათს არ ცნობს, ვალდებულია, მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თანაც სტანდარტის შესაბამისი და არა მღვრიე, საეჭვო ხარისხის წყლით.