ინტენსიური თოვა გურიაში 15 მარტის საღამოს დაიწყო. 20 საათისთვის გაუმწენდავი იყო ჩოხატაური-საჯავახოს გზა, რის გამოც, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მანქანები გზებზე იყვნენ გაჩერებულები.
დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, საჯავახოს გზაზე არც შპს “გზამშენი 18”-ის (ამ კომპანიას ტენდერით ააქვს მოგებული ჩოხატაური-საჯავახოს გზის მოვლა შენახვის სამუშაოები) ტრაქტორი გამოჩენილა და არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის.
მგზავრები თოვლში გადავარდნილი ავტომანქანების ამოყვანა, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. დაფიქსირდა რამდენიმე ავტოავარიის შემთხვევა, რომლებიც უმსხვერპლოდ დასრულდა.
მგზავრები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში ხელისუფლება დიდთოვლობასთან გამკლავებას ვერ ახერხებს, რის გამოც მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ.
ანალოგიური პრობლემები იყო 16 მარტის დილით. გაუწმენდავია სოფლის გზები. “გურია ნიუსს” უამრავი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ: _ გოგოლესუბნის გზაზე საცობებია, ტრაქტორს არც კი გამოუვლია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მოსახლეობა, _ გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
იმავე პრობლემით დაგვიკავშირდნენ სოფელ იანეულიდან, სურებიდან, წიფნარიდან, ვანზომლეთიდან, ერკეთიდან. ზოტის
ბურნათის გადასასვლელზე მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში შეფერხებული იყო. როგორც იქაურებმა გვითხრეს, ღამით გადაუღებლად თოვდა და ტრაქტორის ორჯერ “გასეირნებამ” პრობლემები ვერ მოაგვარა.
ამ ეტაპზე, ჩოხატაური-საჯავახოს გზაზე მოძრაობა შეჩერებულია. ვრცელ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.