“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გასულ კვირას გურიას სტუმრობდა. მან თანაგუნდელებთან ერთად, ლანჩხუთში “ქართული ოცნების” ოფისი გახსნა. შემდეგ ოზურგეთსაც ესტუმრა.
“გურია ნიუსი” შეხვდა ბატონ დავითს და “კონტროლის პალატის” საყოველთაო დაკითხვების შესახებ ესაუბრა:
_ საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიბარეს კონტროლის პალატასა და პოლიციაში. ვფიქრობ, რომ მათ ეს აქცია ჩაუვარდათ, რომლის მთავარი დანიშნულება იყო ჩვენი პარტიული თუ უპარტიო მხარდამჭერების და სამოქალაქო აქტივისტების დაშინება. საინტერესოა, რომ პირველ ეტაპზე საერთოდ არ იბარებდნენ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და უხმობდნენ რიგით წევრებს, თან უპარტიოებს. ჩათვალეს, ალბათ, ხელმძღვანელები უფრო მომზადებულები შეხვდებოდნენ და რიგითი წევრები თუ უპარტიოები შეშინდებოდნენ. თუმცა, ისინი არ შეშინდნენ _ ხელისუფლებამ მიიღო უკუეფექტი.
საეჭვო აღარაა, რომ ასეთ შედეგს არ ელოდა ხელისუფლება, თორემ ამგვარ ქმედებებზე არ წავიდოდა. ამ დაკითხვების დროს 17 მუნიციპალიტეტში დაიბარეს “რესპუბლიკელები”, 11 მუნიციპალიტეტში კი _ “თავისუფალი დემოკრატები”. ასევე, დაკითხულთა სიაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პარტიის წევრები არ იყვნენ. დაკითხულები ძალიან თამამად საუბრობდნენ მედიასთან. განსაკუთრებით აქტიური იყო რეგიონული მედია _ მინდა ცალკე ვთქვა, რომ არა “გურია ნიუსი”, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრები, ქუთაისური “ახალი გაზეთი”, სამეგრელოში “ლაივპრესი” და “თსპრესი”… არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ბუნებრივია, “მაესტრო”, “პალიტრა ჰოლდინგი”, არასამთავრობო სექტორი და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიდიული სამსახური, ხალხი ვერაფერს გაიგებდა. ერთიანად ეს პროცესი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებამ ჩაიფიქრა, ჩაეტარებინა სპეცოპერაცია დაშინების, პარტიების დისკრიმინაციის, ხალხის გადაბირების მიზნით და მან მიიღო დემოკრატიული კუნძულების ერთობლიობა, რეგიონული მედიის და ნაციონალური მედიის (აქ არ ვგულისხმობ ხელისუფლების მედიას), პარტიული აქტივისტებისა და სამოქალაქო, უპარტიო აქტივისტების მონაწილეობით. ეს არის მთავარი პასუხი _ ხელისუფლებას არ გაუვიდა ოპერაცია. ხელისუფლებამ აპრილის დასაწყისში პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა-არაღდგენის საკითხს. სწორედ ამიტომ დააპირა მან, შეექმნა ვითარება და ეთქვა, რომ “ივანიშვილი ის კაცია, რომელიც ამდენ კანონს არღვევს და ჩვენ მას მოქალაქეობას ვერ მივცემთ”.
_ ანუ, თქვენი აზრით, ეს ყველაფერი იმის გამო მოაწყვეს, რომ არ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა?
_ მათი ქმედება მრავალმიმართულებიანია, ანუ ხელისუფლება გადმოვიდა კონტრშეტევაზე, თუმცა ეს შეტევა ჩაეფუშათ. NDI-მ, რომელსაც არასოდეს “ბრალდებოდა” და არც დღეს “ბრალდება” ოპოზიციური მიდრეკილებები და ოპოზიციურ მხარეს ყოფნა, გამოაცხადა, რომ მოსახლეობის 70% ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მომხრეა და მხოლოდ 8%-ია წინააღმდეგი. ამან კიდევ დაადასტურა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მოთხოვნილება, ბიძინა ივანიშვილი იყოს სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი. ახლა ხელისუფლება აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში _ არ მიანიჭებს მოქალაქეობას _ ვაია, მიანიჭებს _ უი. ხელისუფლებამ საკუთარ თავს დაუგო ხაფანგი, როდესაც ივანიშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა.
_ როდის მოხდება “ქართული ოცნების” ოფისების გახსნა ოზურგეთსა და ჩოხატაურში?
_ მიმდინარეობს ოფისის ხელმძღვანელების შერჩევა-დამტკიცება. ოფისის ხელმძღვანელი არის სამომავლო საარჩევნო კამპანიის მთავარი მენეჯერი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ადამიანი. ჯერჯერობით, 20-ზე მეტი ოფისის ხელმძღვანელია დამტკიცებული, ძალიან გულისყურით ეკიდება ჩვენი სამსახური ამ საქმეს. ჩოხატაურში ოფისის ხელმძღვანელი უკვე დანიშნულია _ ეს არის “რესპუბლიკური” პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა ჯიქია. რაც შეეხება ოზურგეთს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა. ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება _ კანდიდატები არიან.
_ ბატონო დავით, მართალია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი ძალიან გამკაცრებული რეჟიმით მიმდინარეობს და კომისიას წინ უდევს კანდიდატთა დოსიეები, აინტერესებთ მათი წარსულიც?
_ ზოგს, შეიძლება, ძალიან უნდა, დაივიწყონ მისი შევარდნაძისდროინდელი წარსული, მაგრამ ეს მთლად ასე დასავიწყებელი არ არის. ბუნებრივია, არიან კანდიდატები, ეს ნორმალური პროცესია. სისტემა ასეთია _ არის სპეციალური სამსახური, რომლის წევრები აქტიურად მუშაობენ ამ კანდიდატების შესარჩევად. ერთხელ დავესწარი ამ შეხვედრას, მხოლოდ 30 წუთით. საკმაოდ კორექტული საუბრებია, რა თქმა უნდა, გამოცდის ჩამბარებელი კომისიის წევრები ძალიან მომზადებულები არიან.