წლევანდელმა ზამთარმა სოფლად მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოები მკვეთრად შეაფერხა _ ფართობების დიდი ნაწილი, უამინდობის გამო, ჯერ კიდევ დაუმუშავებელია. მარტსა და აპრილში ჩასატარებელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ გვესაუბრება ლანჩხუთის “აგრობიზნესცენტრის” დირექტორის მოადგილე, აგრონომი გოგი ურუშაძე.
_ აგროვადებით, მარტისა და აპრილში მიმდინარეობს ერთწლიანი კულტურებისთვის (სიმინდი, სოიო, ლობიო) ფართობების მომზადება დასახნავად, ან მათი ხელმეორედ გადახვნა, თუ შემოდგომაზე მოხდა მათი დამუშავება. 15 აპრილიდან იწყება ერთწლიანი კულტურების თესვა.
მიმდინარე წელი, მკაცრი ზამთრის პირობებში, არ იძლევა სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას და აპრილში ჩასატარებელი სამუშაოები ცოტათი გადაიწევს.
გარდა თესვისა, აპრილში მიმდინარეობს ვენახის და ხეხილის გასხვლა, ხეხილის შეთეთრებითი სამუშაოები კირის ემულსიით.
რეკომენდაციას ვაძლევთ კერძო სექტორში არსებული ჩაის ფართობების მეპატრონეებს _ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი აპრილში +15 გრადუსი უნდა იყოს. სასურველია, ამ ტემპერატურის პირობებში დაიწყოს ჩაის გასხვლა.
აპრილში რეკომენდირებულია თხილის ბუჩქების გამოხშირვა, აგრეთვე, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა თხილის ნარგავებში, პომიდორისა და კიტრის ჩითილების მომზადება სასათბურე მეურნეობებისთვის. თავდაპირველად დახურულ გრუნტში გამოყავთ ჩითილები, 15 აპრილის შემდეგ კი გადააქვთ ღია გრუნტში.
კარტოფილის დათესვისა და დასათესად მიწის მომზადების სამუშაოები, ჩვეულებრივ თებერვალ-მარტში მიმდინარეობს. წლევანდელი მკაცრი ზამთრის გამო, გლეხებს ჯერ კიდევ დაუთესავი აქვთ კარტოფილი. ამიტომ აპრილის სამუშაოებს კარტოფილის დათესვაც შეემატება.