“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მარტში განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული გენერალური ინსპექცია ოზურგეთის საჯარო სკოლებში შევიდა. როგორც წყარომ გვითხრა, ისინი კონკრეტულად სახელფასო უწყისებს ამოწმებენ, რომ სიაში ზედმეტი შტატები არ იყოს. მაგალითად, სოფელ მელექედურში ისიც გვითხრეს, რომ მელექედურის საჯარო სკოლაში მხოლოდ ამის გამო არ შესულან _ როგორც ერთ-ერთმა მელექედურელმა გვითხრა, სკოლის დირექტორის წინააღმდეგ განათლების სამინისტროში დეზინფორმაცია გააგზავნეს, რომ, თურმე, დირექტორს ნათელა თოხაძეს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე ხელი ჰქონდა მოწერილი. თავად სკოლის დირექტორი, ნათელა თოხაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამ ყველაფერს ჭორს უწოდებს: _ ათასი ჭორი გამიგია ჩემს თავზე, მაგრამ ეს პირველად მესმის, არავინ არ მოსულა ჩემთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს ზურგს უკან თუ ვინმემ რამე თქვა, არ ვიცი.
გენერალური ინსპექცია განათლების და მეცნიერების სამინისტროს დანაყოფია და აქვს უფლება შემოვიდეს სკოლაში _ მათ აინტერესებდათ ჩვენი სტრუქტურების მუშაობა, _ გვითხრა თოხაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა ინარიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ეს საკითხი არ შედის რესურსცენტრის კომპეტენციაში.