გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, დღეს, იუსტიციის სახლის და ოზურგეთის პროფესიული სასწავლებლის გახსნა იგეგმება. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, იუსტიციის სახლს და სასწავლებელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის. ჩვენთვის ასევე, ცნობილი გახდა ისიც, რომ დღეს ოზურგეთში სამთავრობო სხდომა არ ჩატარდება.
ამ წუთებში ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე დიდი სამზადისია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს და მინისტრებს საჯარო მოხელეები, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაწესებულებების თანამშრომლები დახვდებიან.
_ გუშინ ტელეფონით მომწერა მასწავლებელმა, რომ იუსტიციის სახლის გახსნას უნდა დავსწრებოდი, _ გვითხრა ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ.
ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, დილით საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ე.წ. “მოთელვა” მოხდა, სადაც ყველამ თავისი როლი გადაინაწილა.
იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე უკვე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.