1. ერთი დღის წიწილების სქესის გარჩევის ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი შემდეგია: ერთი დღის წიწილას ორივე ფეხით სწევენ მაღლა. თუ წიწილამ თავი დაბლა ჩაკიდა _ მამალია, დედალი კი ცდილობს თავის მაღლა აწევას.
2. მეორე ასევე საინტერესო მეთოდი: ერთი დღის წიწილას ქეჩოთი ორი თითით სწევენ მაღლა, თუ წიწილა ფეხებს ჩამოკიდებს _ მამალია. დედლები კი ფეხებს ტანისაკენ აკრეფენ _ მიატყუპებენ.
3. იმ შემთხვევაში, თუ 2-3 წლის დედლებს შევაჯვარებთ 1 წლის ასაკის მამლებთან ან პირიქით _ 2-3 წლის მამლებს 1 წლის დედლებთან, მაშინ ასეთ დროს მიღებული კვერცხებიდან გამოჩეკილი წიწილების უმრავლესობა დედალი იქნება.
4. დაკვირვებით ცნობილია, რომ ქათმებს უყვართ ნარინჯისფერი. ქათმებში კვერცხმდებლობა აიწევს, თუ საქათმეში ჩვეულებრივ ნათურას ნარინჯისფერით შევცვლით, ზამთარში კი გავზრდით სინათლის ხანგრძლივობას.
5. ზამთარში კვერცხმდებლობა რომ არ შემცირდეს, ქათმებს უნდა დავალევინოთ თბილი წყალი. უკეთესია, თუ ეს იქნება წიწვოვანი მცენარეების ნაყენი.
6. იხვისა და ბატის კვერცხის უმად მიღებას უნდა ვერიდოთ, რადგან ადამიანს გადაეცემა ზოგიერთი საშიში დაავადება. რეკომენდირებულია წყლის ფრინველის კვერცხის შეწვა.
7. გარკვეული დროით (1-2 თვე) კვერცხი შეიძლება ასე შევინახოთ: კვერცხები ჩავაწყოთ ცხრილში, სწრაფად ჩავუშვათ მდუღარე წყალში და ამოღებისთანავე ამოვავლოთ ცივ წყალში. შემდეგ გავაშროთ და გასანიავებლად დავაწყოთ.
8. მარილწყალში კვერცხი კარგად ინახება 4-5 კვირის განმავლობაში. ეს კვერცხის კონსერვირების ძალზე უბრალო მეთოდია.
9. კვერცხი, რომელიც გამოსაჩეკად არის გადარჩეული, უნდა ინახებოდეს არა უმეტეს ორი კვირისა ვერტიკალურ მდგომარეობაში _ წვრილი ბოლოთი ქვევით, კალათაში, ყუთში ან სხვა ჰაერგამტარ ჭურჭელში, გრილ ადგილას, არა უმეტეს 12° სითბოში.
10. ხშირად უჩივიან, რომ დაბალია კრუხების მიერ წიწილების გამოჩეკის პროცენტი. ამისი ძირითადი მიზეზი კვერცხმდებელი ქათმების არასრულფასოვანი კვებაა (რაციონში ცილების და ვიტამინების ნაკლებობა). ამის თავიდან აცილების მიზნით, ადრე გაზაფხულიდან კვერცხმდებელი ქათმები ცილით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებით უნდა ვკვებოთ.
11. ქათმები და ინდაურები პარაზიტი მწერებისაგან თავს დაიცავენ, თუ მათ ნაცრისა და ქვიშის აბაზანებს (ყუთებს) მოვუწყობთ.
12. ქათამი უნაჭუჭო კვერცხს მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის გამო დებს. ამის თავიდან ასაცილებლად ქათმებს უნდა მივცეთ: დაქუცმაცებული, ადუღებულ წყალში ამონავლები კვერცხის ნაჭუჭი, ცარცი, წვრილად დაფქვილი კირქვები, ნიჟარები, მშრალი თიხა, ხის ნაცარი და სხვა.
13. წიწილების კრუხთან ერთად გამოზრდას ბევრი უპირატესობა ახლავს: კრუხი იცავს წიწილებს, აჩვევს გარემოში ორიენტირებას და საკვებს. უარყოფითია ის, რომ ძნელია ქათმის მოკრუხების ვადის დაგეგმვა; ამასთანავე შეზღუდულია გამოჩეკილი წიწილების რაოდენობა.
(გაგრძელება იქნება)