საქართველოს კონტროლის პალატამ დაკითხვების მორიგი სეზონი გახსნა. ამ დილით, უწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ მაია ჩხიკვაძეს მიუვიდა. ჩხიკვაძეს დასაკითხად მოწმის სახით ლანჩხუთში იბარებენ.
მაია ჩხიკვაძე არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. ის იმ შენობის მფლობელია, სადაც პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისია განთავსებული:
_ წუხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ლანჩხუთში, კონტროლის პალატაში, დაკითხვაზე ვარ დაბარებული მოწმის სახით. უწყება კი ამ დილით მომივიდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩხიკვაძემ.
მისი თქმით, კონტროლის პალატის წარმომადგენლების თხოვნა იყო, რომ დაკითხვაზე ის დოკუმენტები წაეღო, რომელიც კოალიციასთან აქვს გაფორმებული.
ჩხიკვაძის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” კუთვნილი შენობის მეორე სართულის ნახევარი 320 ლარად მიაქირავა.
_ ხელზე 250 ლარს ვიღებ. 4 თვის თანხა წინასწარ მაქვს აღებული. მეტიც მჭირდებოდა, მაგრამ ვერ მომცეს. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს და თანხას საბანკო ანგარიშსწორების გზით ვიღებ, _ გვითხრა ჩხიკვაძემ.
მაია ჩხიკვაძეს კონტროლის პალატა დღეს 5 საათზე დაკითხავს.
კონტროლის პალატამ დაკითხვაზე ვახტანგ ბლაგიძეც დაიბარა. ბლაგიძე ოზურგეთში იმ ოფისს ფლობს, სადაც “ქართული ოცნებაა განთავსებული.
კონტროლის პალატა ბლაგიძესაც ლანჩხუთში, დღეს 3 საათზე იბარებს.
_ მომთხოვეს საიჯარო ხელშეკრულება. ორი თვის წინ უკვე დამკითხეს, ახლა არ ვიცი რა უნდათ. ალბათ იგივე კითხვებს დამისვამენ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ბლაგიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონტროლის პალატა სხვა პარტიების ოფისებით და მათი მფლობელებით არ დაინტერესებულა.