ორშაბათს, დილით, ლანჩხუთიდან 300-მდე გულშემატკივარი მიკროავტობუსებით გამოემგზავრებიან. “გურიას” ერთ ამდენ ქომაგს თბილისშიც მოელიან.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, რომლის მიხედვით “გურიას” უმაღლესის საგზური განაღდებული უნდა ჰქონდეს _ ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის მიერ დამტკიცებული დებულებით, “ვიტ ჯორჯიასთან” წაგების შემთხვევაშიც, მასზე წინ გავდივართ, რადგან ჩემპიონატში მეტი მოგება გვაქვს. ეს მაჩვენებელი 16 აქვს “გურიას”, 12 _ მეტოქეს.
ანალოგიურად აქვს საქმე “ზესტაფონს” _ “მეტალურგთან” თანაბარი ქულების შემთხვევაში, ვის გამოაცხადებენ ჩემპიონად, ჯერ მხოლოდ სფფ-ის პრეზიდენტმა თუ იცის. სავარაუდოდ, ამას დიდი სკანდალი მოყვება. სხვათა შორის, უეფას ოფიციალურ საიტზე პირველ ადგილზე “ზესტაფონი” წერია და თუ ფიფა-უეფა ამაზე განმარტებას მოითხოვს, არაა გამორიცხული, ცვლილება თავად სფფ-მაც შეიტანოს.
თუმცა, ჩვენ არც დებულების, არც გუნდების დამატებისა და არც მეტოქეთა თამაშების შედეგზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, დღეს ვიტელებთან ფრე გვჭირდება! თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის დებულების მიხედვით, “გურია” უმაღლესშია!!!
აი, დებულებაც:
“4.4 უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
4.4.2. უშუალოდ, ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
4.4.3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
4.4.4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.6. ფეარ-ფლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-ფლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).
4.4.7. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა”.
15 მარტს კი ფედერაციიდან კლუბებს გადაეცათ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საშეჯიბრო განყოფილების უფროსი ნოდარ კაკულია:
“უმაღლესი ლიგის კლუბებს,
საქართველოს 2011-2012 წ.წ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 და 4.4 მუხლების განმარტება.
უმარლესი ლიგის 1-8 ადგილებზე გასულ გუნდებს მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშევი მატჩების შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, ბურთების სხვაობა და ქულები). თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1, 4.4.2, 4.4.3, 4.4.4, 4.4..5, 4.4.6 და 4.4.7 მუხლების მიხედვით”.
“გურიამ” ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა დააგროვა, ვიდრე “ვიტ ჯორჯიამ”, შესაბამისად, გურიამ რომ წააგოს, აგროვებენ თანაბარ ქულას და მოგებათა მეტი რაოდენობით, უმაღლეს ლიგაში გადადის “გურია”!
P.S. წინა ტურში გურული დერბი გაიმართა, სადაც “გურიამ” გიგა კვერენჩხილაძის, ლაშა ჯანგიძისა და გია თოდუას (2) გოლების წყალობით, მეტოქე უშანსოდ დატოვა _ 4:0.